აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ეხმაურება ბატონ ვახტანგ ყოლბაიას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუცია არ დარღვეულა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქვეყნის ძირითადი კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხს არ არეგულირებს. რაც შეეხება მიღებულ გადაწყვეტილებას, იგი სამართლებრივად დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება ეროვნულ თუ ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას.

 

სამწუხაროდ, ცალკეული პიროვნებები თავს უფლებას აძლევენ ვ. არძინბასთან პარალელების გავლებით შეურაცხყოფა მიაყენონ უმაღლეს საბჭოს და იმავდროულად შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოების ნაწილი. ამჟღავნებენ რა არაკომპეტენტურობას აფხაზეთის იმჟამინდელი კანონმდებლობის ცოდნაში, ისინი ამტკიცებენ, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნას ვითომ ორი მესამედი სჭირდებოდა. ვ. არძინბამ კი თითქოს ამ ნორმის დარღვევით მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა, რაშიც მას, თურმე ნუ იტყვით, უმაღლესმა საბჭომაც მიბაძა?! ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვურჩიოთ მსგავსი განცხადების ავტორს, მობრძანდეს უმაღლეს საბჭოში, სადაც მას ყოველთვის პატივს სცემდნენ და სადაც შეუძლია კვალიფიციური კონსულტაციის გავლა ძველ კანონდმებლობასთან დაკავშირებითაც.

 

პატივცემულმა ოპონენტებმა იმის შესახებაც უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი კი არ ამტკიცებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, არამედ იძლევა ან არ იძლევა თანხმობას მის დანიშვნაზე.

 

არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობის ლანძღვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, ამასთანავე არ იშურებენ შეურაცხმყოფელ ეპითეტებსაც. აღნიშნულის კომენტირებისაგან თავს შევიკავებთ, მითუმეტეს მსგავს „კრიტიკოსებს“ სათანადო პასუხი უკვე გასცა უმაღლესი საბჭოს ლანძღვის ფონზე ტელეკომპანია „კავკასიას“ მიერ ა.წ. 29 აპრილს ჩატარებულმა ინტერაქტივმა, როდესაც გამოკითხულთა უდიდესმა ნაწილმა დადებითად შეაფასა ლეგიტიმური ხელისუფლების მუშაობა. ამით „კრიტიკოსებს“ კოვზი ნაცარში ჩაუვადათ.

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ უმაღლეს საბჭოს  კანონმდებლობა დღემდე არ დაურღვევია და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას. ამავე დროს გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ უმაღლესი საბჭო, ბუნებრივია,  არასოდეს დანიშნავს მთავრობის თავმჯდომარედ პიროვნებას  საქართველოს მთავრობასთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

 

ასეთი იყო, არის და იქნება უმაღლესი საბჭოს მყარი პოზიცია. იმედი გვაქვს, მას გაგებით მოეკიდება როგორც ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობა, ისე ფართო საზოგადოებრიობა.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions