აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს კომისიის სხდომა

 

ა/წ 10 მაისს გაიმართა უმაღლესი საბჭოს აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარმოადგინა სპეციალური მოხსენება. იგი ეხება დევნილი მოსახლეობის ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩართვის პრობლემას. კომისიის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი მოხსენებაში წამოყენებული წინადადებები უნდა გახდეს ფართო საზოგადოებისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მსჯელობის საგანი.

 

პატივცემულო კოლეგებო,

 

20 წელიწადი სრულდება აფხაზეთის დაცემიდან და ავტონომიური რესპუბლიკის  კანონიერი მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედის საკუთარი სახლებიდან განდევნის დღიდან. სამწუხაროა, რომ განვლილი პერიოდის მანძილზე ვერ მოხერხდა დევნილთა დაბრუნებისათვის თუნადაც წინაპირობების შექმნა, მათი სოციალური მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება, ბინებით უზრუნველყოფა და ა.შ. ამასთანავე ყველა ვხედავთ, რა ქმედითი ნაბიჯები იდგმება აღნიშნული თუ სხვა სოციალური საკითხების გადასაჭრელად. Dდევნილებს ისიც კარგად გვაქვს ან უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ჩვენი პრობლემების სრულმაშტაბიანი მოგვარება შესაძლებელია არა თბილისში, ქუთაისში ან ზუგდიდიდში, არამედ მხოლოდ აფხაზეთში, ანუ საკუთარ სახლებში დაბრუნების შემდეგ. ამჯერად გვსურს სწორედ ამ დიდი თემის ერთ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან ასპექტზე საუბარი.

 

აფხაზეთში დევნილების დაბრუნება, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ აფხაზეთის მოქცევა, მოგეხსენებათ, კომპლექსური პრობლემაა. იგი სერიოზულ გეოპოლიტიკურ ძვრებთან, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან, დემოკრატიული და ეკონომიურად განვითარებული საქართველოს დაჩქარებულ  აღმშენებლობასთან, აფხაზეთის დეოკუპაციის მიზნით რუსეთთან ურთიერთობის დალაგებასთან, სამართლებრივი და იდეოლოგიური ბერკეტების ეფექტურ გამოყენებასთან, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან კავშირების აღდგენასთან და მრავალ სხვა ფაქტორთან არის დაკავშირებული. ამ ურთულესი პრობლემის ერთ-ერთი შემადგენელია თავად დევნილი მოსახლეობა, მისი აქტიურობა და სულ უფრო მეტი ჩართულობა როგორც სოციალური საკითხების, ისე კონფლიქტების მოგვარებაში. ჩვენ კი სრულიად საპირისპირო პროცესის მოწმენი  გავხდით. დევნილებზე ,,ზრუნავს” ყველა, კონფლიქტს ,,აგვარებს’’ ყველა, გარდა თავად დევნილებისა და მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისა. ამ უკუღმართი პროცესის ფარგლებში მოხდა საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის დეპუტაციისთვის უფლებამოსილების ყოვლად გაუმართლებელი შეწყვეტა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი ადგილების სხვა რეგიონებზე უკანონოდ გადანაწილება და ამით ქვეყნის სამართლებრივი სივრციდან მისი ოკუპირებული რეგიონის გამოყვანისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა, აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების მიზანმიმართული დაკნინება და ა. შ. ყველაფერ ამის შედეგიც სახეზე გვაქვს.

 

იმისთვის, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს, საჭიროა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დევნილი მოსახლეობის აქტიური ჩართვა. Mმგავსი მცდელობები, როგორც გახსოვთ, ადრეც ყოფილა. მაგალითად, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაახლოებით 2003-2004 წლებამდე, ანუ დევნილთა მოძრაობის აღმავლობის პერიოდში არაერთხელ დასმულა, მათ შორის უმაღლეს საბჭოშიც, დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნის საკითხი. ვიხილავდით სხვადასხვა პროექტებს და ვარიანტებებს, მაგრამ მათი ხორცშესხმა მაშინ ვერ მოხერხდა, რადგანაც ისინი დევნილების მიმართ ხელისუფლების იმჟამინდელი პოლიტიკის ჩარჩოებში ვერ თავსდებოდნენ. დღეს მდგომარეობა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იცვლება, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს. ვფიქრობთ, დადგა დრო ძველი გამოცდილებისა და თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით კვლავ შევთავაზოთ საზოგადოებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დევნილთა უფრო აქტიური ჩართვის კონკრეტული იდეა. ჩვენი აზრით, მან კანონპროექტის ფორმა უნდა მიიღოს, რათა წინასწარი საყოველთაო განხილვის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პარლამენტს წარედგინოს.

 

რაში მდგომარეობს ჩვენი იდეის არსი?

 

რაიონულ და საქალაქო საკრებულოებში, მომავალში კი რეგიონალურ საკრებულოებში, თუ ასეთები შეიქმნა, გარანტირებულად უნდა შევიდნენ დეპუტატები დევნილთა რიგებიდან, რომლებიც პროპორციული წესით სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების - პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი დევნილთა ცალკე  სიების საფუძველზე აირჩევიან. კონკრეტულ საკრებულოში ასეთი დეპუტატების რაოდენობის  განსაზღვრა ამა თუ იმ ქალაქისა თუ რაიონის  ტერიტორიაზე  მაცხოვრებელი დევნილების საერთო რიცხოვნობაზე იქნება დამოკიდებული.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩეული ჩვენი დეპუტატები, ცხადია, უპირატესად დევნილთა პრობლემებით დაკავდებიან. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით საკრებულოების წევრები დევნილთა რიგებიდან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი პერიოდულობით  ერთად შეიკრიბებიან და იმავე კანონით განსაზღვრულ ფარგლებში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ეს იქნება არა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არამედ კანონით მინიჭებული სოლიდური ულებამოსილებით  აღჭურვილი  დევნილთა ოფიციალური წარმომადგენლობითი  ორგანო, რისი შექმნის აუცილებლობაზეც 10-15 წელიწადია ვსაუბრობთ.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი წელიწადი რჩება, ამიტომ ლოდინისა და ზოზინის დრო არ გვაქვს. მივმართავთ უპირველეს ყოვლისა სპეციალისტებს - იურისტებს, აქტიურად ჩაერთონ მუშაობაში, რათა შემოთავაზებულ  იდეას კანონის პროექტის ფორმა მივცეთ. როგორც წამოყენებული იდეის, ისე კანონპროექტის განხილვაში  გადამწყვეტი იქნება აფხაზეთისა და არა მარტო აფხაზეთის  საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ  არასამთავრობო  ორგანიზაციების, ფართო საზოგადოების, განსაკუთრებით ჩვენი აკადემიური წრეების აქტიურობა. საყოველთაო- სახალხო განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, რომელსაც საკანონმდებლო ინიციატივის უფლება გააჩნია, სათანადო კანოპროექტს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი დევნილი საზოგადოების  სახელით. იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტი გულისყურით მოეკიდება ჩვენს ინიციატივას და მას კანონის ძალას მიანიჭებს.

 

გვინდა კიდევ ერთი ინიციატივა შემოგთავაზოთ. ზემოთ უკვე ვახსენეთ 2004 წელს დაშვებული შეცდომის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის დეპუტაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაში  გამოიხატა. რაც დრო გადის , მით  უფრო ვრწმუნდებით, რამდენად საშურია ქვეყნის პარლამენტში აფხაზეთიდან წარმომადგენლობის არჩევა. მაშინდელმა ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ ასეთი წარმომადგენლობის  არჩევის  რაღაც ფორმა მოეფიქრებინა, გააკეთა ყველაზე უარესი- 150 საპარლამენტო მანდატი, მათ შორის მაჟორიტარებისათვის განკუთვნილი 73 ადგილი აფხაზეთის 8 და ცხინვალის 4 ადმინისტრაციული ერთეულის გათვალისწინების გარეშე ქვეყნის სხვა რეგიონებზე გადაანაწილა. ამით 2004 წელს დაშვებული შეცდომა 2008 წელს კიდევ უფრო გაღრმავდა და მან, შეიძლება ითქვას, დანაშაულის ნიშნები შეიძინა. ამასთან დაკავშირებით, უმაღლესმა საბჭომ თავის დროზე არაერთხელ გამოხატა თავისი პროტესტი. ჩვენ მაშინ  მოვითხოვდითA საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან არჩეული და 2004 წელს იქიდან გამოყვანილი დეპუტატების უფლებამოსილების აღდგენას, უკიდურეს შემთხვევაში კი აფხაზეთისთვის (აგრეთვე სამაჩაბლოსთვის) განკუთვნილი ადგილების თავისუფლად დატოვებას. თითქმის 10 წლის წინ უფლებამოსილებაშეწყვეტილი დეპუტაციის აღდგენა დღეს არარეალურად გვეჩვენება, არც აფხაზეთისთვის განკუთვნილი ადგილების თავისუფლად დატოვება იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. მართალია, ენგურსაქეთა საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენლების არჩევა შეუძლებელია, მაგრამ რა უშლის ხელს სპეციალური კვოტებით პარლამენტში აფხაზეთიდან დევნილთა (აგრეთვე სამაჩაბლოდან დევნილთა) წარმომადგენლობის არჩევას? ამას სჭირდება მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური  ხელმძღვანელობის კეთილი ნება, იმის კარგად გააზრება თუ რამდენად მნიშვნელოვნია ამგვარი საპარლამენტო წარმომადგენლობა აფხაზეთის დეოკუპაციისა და არაღიარების სახელმწიფო პოლიტიკის მეტი წარმატებისათვის.

 

მომავალ საპარლამრნტო არჩევნებამდე საკმაო დრო გვაქვს, მაგრამ წარმოდგენილი იდეის კანონპროექტად გარდაქმნას, შემდეგ კი მის საყოველთაო-სახალხო განხილვას დაუყოვნებლივ უნდა შევუდგეთ. დევნილთა წარმომადგენლობის არჩევა პარლამენტში, ალბათ, იმავე წესით მოხდება, რა წესითაც საკრებულოებში ჩვენს დეპუტატებს ავირჩევთ-ანუ საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ცალკე სიით, რომლებსაც მხოლოდ დევნილები უყრიან კენჭს. საქართველოს პარლამენტში ასარჩევი დეპუტატების ოდენობა აფხაზეთისთვის მინიმუმ 8 კაცით (ავტონომიურ რესპუბლიკაში ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობის მიხედვით) უნდა განისაზღვროს.

არა მგონია საჭირო იყოს იმის მტკიცება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დევნილთა წარმომადგენლობის საკრებულოებში და პარლამენტში არჩევა, დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანოს ჩამოყალიბება. მაინც ვიტყვით, რომ ყოველივე ამის შედეგად:

 

-  შეიქმნება ეფექტური დამატებითი მექანიზმები დევნილთა უფლებების დასაცავად;

 

- დევნილ მოსახლეობას, ცალკეულ პიროვნებებს ქვეყნის საზოგადოებრივ - პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისა და თვითრეალიზაციის მეტი შანსი მიეცემა;

 

- თანდათანობით ჩამოყალიბდება და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიწრთობა დევნილთა, მომავალში კი მთელი აფხაზეთის ახალი პოლიტიკური ელიტა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია;

 

- რამდენი წელიც არ უნდა გაჭიანურდეს დევნილობაში ჩვენი ყოფნა, რამდენი თაობაც ამასობაში არ უნდა გამოიცვალოს, უზრუნველყოფილი იქნებაLაფხაზეთისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტის-დევნილი მოსახლეობის თვითიდენტიფიკაციის შენარჩუნება;

 

- ბევრად უფრო ეფექტური გახდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სტრუქტურების საქმიანობა, და ა.შ.

 

დასასრულს გვინდა დამატებით ძალიან მოკლედ მოგახსენოთ ლეგიტიმური სტრუქტურების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების აუცილებლობისა და ამისათვის საჭირო გარკვეული ზომების შესახებ. გავიმეორებთ ბევრი ადამიანის, მათ შორის ამ სტრიქონების ავტორის მიერ ადრე მრავალჯერ ნათქვამს, რომ ლეგიტიმური სტრუქტურების ხელში სრულად უნდა გადავიდეს დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვა. კარგია ჩვენი სტრუქტურების რეორგანიზაცია, ოპტიმიზაცია, მაგრამ მათი არსებობა ბევრად უფრო გამართლებული და, რაც მთავარია, სასარგებლო იქნება იმ შემთხვევაში, თუ ისინი, გარდა პოლიტიკური საკითხებისა, დევნილებთან დაკავშირებული  ყველა სხვა პრობლემითაც დაკავდებიან. არაღიარების პოლიტიკის შემდგომი წარმატებისათვის უნდა ვეცადოთ, რომ მთელმა მსოფლიომ უკეთესად დაინახოს და კარგად გააცნობიეროს რუსეთის მიერ აღიარებულ, სინამდვილეში კი ოკუპირებულ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედია; დაინახოს, რომ გარდა სოხუმის უკანონო რეჟიმისა  და აფხაზეთში დღეს მცხოვრები დაახლოებით 150 ათასი ადამიანისა, არსებობს კიდევ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომლის გამგებლობაშია ბევრად მეტი - 350 ათასი უკიდურესად შეჭირვებულიK დევნილი იმავე აფხაზეთიდან, რომელთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას ოკუპანტების ზურგს ამოფარებული სეპარატისტები თუ, პირიქით, სეპარატისტებს ამოფარებული ოკუპანტები ეწინააღმდეგებიან.

 

ერთი სიტყვით, ლეგიტიმური სტრუქტურების ეფექტურობის ამაღლებისათვის საჭიროა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი, განსახლებისა  და ლტოლვილთა სამინისტროს, თუ ასე შეიძლება ითქვას, განტვირთვის ხარჯზე მათი უფლებამოსილების გაფართოება, რაც პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძალიან მომგებიანია.

 

ასეთია საზოგადოების სამსჯავროზე ამ ეტაპზე გამოტანილი ჩვენი წინადადებების ნაწილი, რომელთა სრულად რეალიზება არა თუ არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, პირიქით, რამდენადმე დაზოგავს კიდევაც საბიუჯეტო სახსრებს.

 

 

 

 

კომისიის თავმჯდომარე                                                   ჯემალ გამახარია

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions