აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება

 

მიმდინარე წლის 24 აგვისტოს  ოკუპირებულ აფხაზეთში დანიშნულია     ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები. საერთაშორისო თანამეგობრობა, მთელი ცივილიზებული სამყარო დღემდე არ აღიარებდა და არც არასდროს აღიარებს მსგავს „არჩევნებს’’, ვინაიდან ამ აქტის  მიზანია აფხაზეთში ბარბაროსული მეთოდებით ადრე ჩატარებული და პერმანენტულად დღემდე მიმდინარე ეთნოწმენდის შემაძრწუნებელი შედეგების დაკანონება. მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ პროცესთან, მოსახლეობის ნების გამოხატვასთან. დაზუსტებული მონაცემებით, აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის 73%, რომლის უმეტესობას  ეთნიკური ქართველები შეადგენენ, საკუთარი სახლებიდან დევნილია და არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებს. ცხადია, ასეთ პირობებში ლეგიტიმური არჩევნები ვერ ჩატარდება.

ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ელემენტარული სამართლებრივი ნორმების დარღვევით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ამასწინათ გადადგმული მორიგი უკიდურესად დისკრიმინაციული, ანტიჰუმანური ნაბიჯი. მხედველობაში გვაქვს  ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის, მოგონილი საბაბით, დე - ფაქტო  არჩევნებში, შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივ - პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა. ამის პარალელურად, მიმდინარე წლის 21 ივლისს  აფხაზეთის უკანონო პარლამენტმა თავისი გადაწყვეტილებით „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას’’ უცხოეთში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური აფხაზებისთვის „საარჩევნო’’ უბნების გახსნის უფლება მისცა. ასეთი უბნების გახსნა, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ რიგში, გათვალისწინებულია ოკუპანტი ქვეყნის ქალაქებში მოსკოვსა და ჩერქესკში. ერთი უბნის გახსნა იგეგმება  აგრეთვე თურქეთის ქალაქ სტამბულშიც.

ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გამოთქვამს თავის ღრმა შეშფოთებას. იგი  დარწმუნებულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ზომას მიმართავს საერთაშორისო არენაზე აფხაზეთის დე - ფაქტო საოკუპაციო ხელისუფლების უკანონო ქმედებების აღსაკვეთად.  ასევე ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიოს ერთ - ერთი წამყვანი,  დემოკრატიული ღირებულებების ერთგული  და ჩვენი მეგობარი თურქეთის სახელმწიფო ამჯერადაც იხელმძღვანელებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებით, კვლავაც უერთგულებს  ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ტრადიციული კეთილმეზობლობის პრინციპებს და არ  დაუშვებს  საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემლახველი საარჩევნო ფარსის მის ტერიტორიაზე ჩატარებას.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions