ჯემალ გამახარია: ამიერკავკასიაში სტაბილურობის განმტკიცების ერთადერთი გზა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გამოსვლაა


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას პასუხობს, რომელიც მან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 29–ე რაუნდის შედეგების კომენტირებისას გააკეთა ამიერკიავკასიაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებით.


ბატონი ჯემალ გამახარიას თქმით, რუსეთის საგარეო უწყების აღნიშნული განცხადება არის უსაზღვრო ცინიზმის თვალსაჩინო მაგალითი, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მასხრად აგდება, თავად რუსეთის მიერ მოწყობილი ჰუმანიტარული კატასტროფის უდანაშაულო მსხვეპლთა - დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თითქმის ნახევარმილიონიანი არმიის სასიცოცხლო ინტერესების სრული იგნორირება.

უპირველეს ყოვლისა, თვალში საცემია ოკუპანტის ფუჭი მცდელობა - წარმოაჩინოს მის მიერვე ოკუპირებული  საქართველოს რეგიონები ”დამოუკიდებელ სახელმწიფოებად”, ჟენევის პროცესების, თითქოსდა, თანასწორუფლებიან წევრებად.  ამ განცხადებაში შავი თეთრადაა გასაღებული, საუბარია რაღაც საფრთხეზე (რა თქმა უნდა, ნატოს მხრიდან), რომელიც თითქოს  ემუქრება იმ ”სტაბილურობას, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში ყალიბდება“.

- რამდენად მისაღებია ისეთი სტაბილურობა, როცა რუსეთი საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს იმავე ამიერკავკასიაში?

არანაირ სტაბილურობაზე საუბარიც არ შეიძლება იმ ვითარებაში, როდესაც ”სტაბილურად” გრძელდება:

- რუსეთის მიერ სუვერენული საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაცია;  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო ძალების უკონტროლო ზრდა;

- ოკუპირებული ტერიტორიებიდან 70%  მოსახლეობის იძულებითი დევნა და კანონიერი უფლებაზე - საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე უარის თქმა;

- დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების მიტაცება;

- აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოქალაქეთა დისკრიმინაცია ეროვნულ-რასობრივი ნიშნებით;

- საოკუპაციო ზონაში მცხოვრები ქართული მოსახლეობის ელემენტარული უფლებების უხეშად (შუასაუკენეების მეთოდებით)  ფეხქვეშ გათელვა;

- გამყოფი ხაზის თვითნებური ფიქსაციითა და მავთულხლართების უკანონო მონტაჟით მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება.

ნამდვილი და არა მოჩვენებითი სტაბილურობის მისაღწევად აუცილებელია რუსული ოკუპაციის ზემოთ ხსენებული უკიდურესად ნეგატიური რეზულტატების დაუყონებლივ აღმოფხვრა, რაც რეალურ საშიშროებას უქმნის არა მარტო სამხრეთ კავკასიასა და მის მოსახლეობას, მათ შორის აფხაზებსა და ოსებს, არამედ საყოველთაო უსაფრთხოებასა და მშვიდობას. სწორედ უცხო ქვეყნის ოკუპაციის ზემოთ აღნიშნულმა ნეგატიურმა რეზულტატებმა და მათი თანდათანობით აღმოფხვრის მცდელობამ განაპირობეს საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების აუცილებლობა. ამიერკავკასიის რეგიონში სტაბილურობის დამყარებისა და განმტკიცების ერთადერთ გზას, რომელიც მოსკოვის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, წარმოადგენს რუსული ჯარის გამოსვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და აგრესიის განუახლებლობის ვალდებულების აღება.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions