საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ფოთში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა საზოგადოებრივმა საბჭომ“, დევნილ ოჯახებთან შეხვედრაზე მიიწვია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობისა და დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ფოთში განსახლებულ დევნილთა პრობლემები.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ კიდევ ერხელ დაადასტურა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში აფხაზეთის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს დევნილთა სამინისტროსთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს დევნილთა პრობლემების მოგვარებას. როგორც ამ შეხვედრაზე აღინიშნა, უახლოეს მომავალში ზუგდიდში 320 დევნილი ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება. ბენეფიციარების შერჩევისა და ბინების განაწილების პროცესში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26 სექტემბრის ბრძანებულების საფუძველზე სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში გმირულად დაღუპული სამთავრობო დაცვის ოფიცერი, ლეიტენანტი ელგუჯა შარტავა. ბატონმა ელგუჯა გვაზავამ ორდენი დაღუპული მებრძოლის ვაჟს - გიორგი შარტავას გადასცა.