რაფიელ გელანტია
(ნაწარმოები დაწერილია რეალურ ამბებზე დაყრდნობით)
2003 წლის ბოლოს, საღამოს, ОRT-ემ გაავრცელა ვიდეოინფორმაცია სამხრეთ რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის წევრის, კავკასიური იერის ახალგაზრდა ქალის ლიკვიდაციის შესახებ, რომელსაც სხეულზე აღმოაჩნდა მრავალი ნაიარევი, მუცელი მოხატული ჰქონდა სვირინგებით.
ინფორმაციას თან ახლდა უჩვეულოდ ლამაზი ქალის ვიდეოკადრი.
ოთახში ბევრნი ვიყავით, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი არავის გამოუჩენია. ამჟამად ვის გააკვირვებ მსგავსი ფაქტებით, მით უფრო დევნილებს, რომელთაც ერთი საზრუნავი აქვთ - სად და როგორ მოიპოვონ ლუკმა-პური, არჩინონ ოჯახი.
ქალებმა და ბავშვებმა სატელევიზიო არხი გადართეს. ბრაზილიური თუ არგენტინული ფილმები მათ შვებას ჰგვრის; სამართლიანობა, პატიოსნება, ღატაკთა გამდიდრება, მოძალადეთა დამარცხება და ათასი სხვა, ისეთი მიმზიდველი რამეა, რომ გინდა და გინდა მსგავსი სასწაულით დაიმშვიდო თავი, წუთიერად მაინც დაივიწყო გაუსაძლისი ყოფა.
ინფორმაციამ შემძრა, გამაოგნა.
ეს უჩვეულოდ ლამაზი, მეტად ახალგაზრდა ქალიშვილი თითქოს სადღაც მენახა, მისაუბრია კიდეც. ვერ გავიხსენე, - ძვირფასი ქურქი, მაკიაჟი, ქერა თმა, თეთრი, ყირმიზი სახე, მრგვალი ნიკაპი, ოდნავ გაბუტული, საკმაოდ ბავშვური ტუჩები, მაღალი ყელი, კოპწია ქართული ცხვირი ოდნავ სლავური მინარევით - კადრიდან მიღებული შთაბეჭდილება იყო, მაგრამ ჩემთვის რატომღაც ძალზე ცოცხალი, ნაცნობი, მშობლიური. უფრო მეტიც, თვალის უპეთა ჭრილები, მოხაზულობა, წარბების ფორმა და, წარმოიდგინეთ, უსაშველოდ გრძელი წამწამებიც კი, რატომღაც მეტად მახლობელ და ნაცნობ შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ამ სატელევიზიო ინფორმაციაზე ტელეფონით ვესაუბრე ჩემს მეგობარ ნინოს.
ვერ გაიხსენა, ეტყობა, გამორჩა, ან შეიძლება პროფესიულ ეთიკას იცავდა.
ნინო მრავლისმნახველი და ნიჭიერი იურისტია. როგორც ექსპერტს მრავალჯერ მიუღია მონაწილება აფხაზეთში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის თაობაზე გამოძიებაში. უპირატესად მას მაშინ იწვევდნენ, როცა სამართალდამცავებს ქალებთან და მოზარდებთან უწევდათ მუშაობა. კარგი მეხსიერების წყალობით ნინოს მრავალი მსხვერპლის სახე, აღნაგობა, სულიერი მდგომარეობა, ყოველი მსხვერპლის ხასიათის თითქმის შეუმჩნეველი თვისებები ახსოვდა. ვიცოდი რა, ეს, ვთხოვე გაეხსენებინა მისთვისაც ამაზრზენი, ნორმალური ადამიანისთვის ძნელად ასახსნელი და წარმოსადგენი მოვლენები, რაც ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში 1993 წლის ოქტომბერში მოხდა.
ნინოს ამ ფაქტის გახსენება არ უნდოდა, მაგრამ ქალის ნიშნების დეტალურმა აღწერამ დააინტერესა, თუმც დახმარებას უხალისოდ დამპირდა.
მე კი ახალგაზრდა ქალის, ჯერ კიდევ ბავშვის ბედი არ მასვენებდა. თითქოს გავიხსენე, - აფხაზეთის დაცემიდან მეორე თუ მესამე შემოდგომას, მე და ჩემი მეუღლე უზარმაზარი, უქსოვადი ქსოვილისგან შეკერილ ჩანთებს მივათრევდით მეტროს სადგურში. მესამედ ვიცვლიდით ბინას, მთელი სარჩო-საბადებელი და ბავშვების ტანსაცმელი გადაგვქონდა ქალაქის მეორე ბოლოში მდებარე უფანჯრო პაწაწინა ოთახში. თითები მძიმე ჩანთის წვრილი სახელურით დასისხლიანებული მქონდა, ამიტომ მეტროს დაღმავალ ესკალატორზე შემოვდე ტვირთი და ინსტიქტურად, ძაღლური ლოკვით ვცდილობდი დაჟეჟილი თითებისა და ხელისგულების ჩაწყნარებას.
მეტროს თითქმის ბნელი დარბაზის ამომავალი ექსკალატორიდან დავლანდე მოზარდი გოგონების ჯგუფი. პარალელურ ხაზზე, ორი თუ სამი კიბის მოშორებით, სამი გოგონა იდგა, საუბრობდნენ. შევხედე, რადგანაც იერით აფხაზეთელ ქართველებს ჰგავდნენ, ამასთან ძალზე ლამაზები იყვნენ, განსაკუთრებით შუათანა, რომელზედაც სხვებს ხელკავი ჰქონდათ გაკეთებული. სკოლის ჩანთები არ მატყუებდნენ - ესენი მოსწავლეები იყვნენ. ესკალატორის, სასწაულით გადარჩენილი ლამპიონის შუქზე ელვარებდა მათი თეთრი სახეები, მაყვლისფერი შავი თვალები, შავი თმები. შუათანა კიდევ რაღაცით იყო გამორჩეული, იქნებ უჩვეულოდ მაღალი ფეხებით და მოკლე ქვედატანით; ეტყობა ამიტომაც შემორჩა ჩემს მეხსიერებას.
ახალი წლის წინა დღეებში ნინომ დამირეკა, შეხვედრა მთხოვა.
სასტუმრო ”ივერიის” წინ შევხვდით, ტიროდა.
-ის ეკაა, ჩემი ეკატერინე, აფხაზეთში, ახალდაბაში ჯვარცმული ეკა. ნინომ გაიხსენა ერთ-ერთი შეხვედრა აფხაზეთელ უდედმამო მოზარდებთან, რომლებიც აშშ-ის რომელიღაც სარეაბილიტაციო ცენტრის დამარებით ჩაურიცხავთ ცეკვისა და სიმღერის რომელიღაც ანსამბლში, სადაც ფიზიკური მონაცემებითა და ნიჭიერებით გამორჩეული ეკა წამყვანი ფიგურა გამხდარა.
ჩემი მეხსიერება ამუშავდა. აღვადგინე გაყინული დარბაზი, აფხაზეთელი ბავშვები, ანსამბლი. იქვე იყო ნინო, რომელმაც ბავშვების მიერ ერთ-ერთი ბრწყინვალედ შესრულებული საცეკვაო ნომრის შემდეგ, განზე გამიხმო და გოგონების ჯგუფი გამაცნო: აი, აფხაზეთის და საქართველოს ყვავილებიო, თუმცა მათ ტრაგიკულ წარსულზე მაშინ არაფერი უთქვამს.
მე მათ მოვეფერე, ნიჭი და ოსტატობა შევუქე. ეკაც აქ იყო, სიცივისაგან მთლად გათოშილი, მაგრამ ნომრის გმირი, რომელშიც ანათებდა ბუნებისაგან უხვად ბოძებული მშვენიერება, შეპარული ქალური სიმწიფე.
ციოდა. ნინო დამპირდა, რომ დაინტერესდებოდა ეკას ბედით, ნაცნობების და ახლობლების მეშვეობით, რომლებიც მას ჰყავდა რუსეთში, შეეცდებოდა ყველაფრის დადგენას.
ფეხით უნდა გაგვევლო - არც მეტრო, არც ტრამვაი არ მუშაობდა; ვცდილობდი ახალდაბელი ბავშვების ტრაგედიაზე მასალების მოპოვებას და ნინოს არ შევეშვი, მინდოდა მისგანაც ცოტა რამ მაინც გამეგო ტყვე ქალთა და ბავშვთა ბანაკზე, გოგონების ბედზე.
ნინო უხალისოდ ყვებოდა, შემდეგ გაღიზიანდა, მეც, როგორც მამაკაცი, თითქოს დამნაშავედ ჩამთვალა და მოურიდებლად მომახალა:
- ღირსეული მამაკაცები, რაც არ უნდა მოხდეს, ქალებს და ბავშვებს მტერს არ უგდებენ ხელში. ასე იყო საქართველოში ოდითგან. თქვენ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაგიცნობიერებიათ, რომ გამარჯვებული დამარცხებულს ყველაზე დიდ ტკივილს მათი ქალებისა და ბავშვების დაუფლებით აყენებს. ეს ყველაზე სასტიკი სასჯელია თქვენთვის, მამაკაცებო. თქვენი უთავო ომები უმთავრესად ქალების უბედურებაა...
- სამწუხაროდ, აფხაზეთის ისტორიისთვის სამარცხვინოდ და ჩვენდა საუბედუროდ, მხეცებმა უმანკო ბავშვები სკოლის შენობაში შეჰყარეს და გაუგონარი სისასტიკით აწამეს, მესამე კლასელებიდან დაწყებული ყველა ტყვე გოგონას ნამუსი ახადეს, ჩვენთვის ძნელად წარმოსადგენი გარყვნილობით გააუპატიურეს, ფსიქიკურად დაამახინჯეს, მათი სიცოცხლის საზრისი კაცობრიობისადმი ზიზღად აქციეს;
- ბავშვების, საერთოდ მსხვერპლთა უბედურება ისიცაა, რომ დამნაშავეები ამაზე არ აგებენ პასუხს. აქ იურისპრუდენცია თითქმის უძლურია, რადგანაც ქალები, გოგონები, მათი მშობლები, ახლობლები არავის, მით უფრო მართლმსაჯულებს არ გაუმხელენ სიმართლეს, არავის გაანდობენ დეტალებს, წვრილმანებს; არც იმას გავიგებთ ოდესმე, თუ რა ხდებოდა იმჟამად აფხაზეთში ქალების, ზოგჯერ კაცების მიმართაც და რაც დღემდე ხდება. მტკიცების მოპოვება სხვა გზითაც შეიძლება, მაგრამ მოწმეც არასოდეს გეტყვის რაც იყო და, ამდენად, თუნდაც შემდგარი საერთაშორისო სასამართლოც (რაც მეტად მეეჭვება!) ვერაფერს გახდება აღიარების გარეშე, მით უფრო მწირი მოწმეებით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უძლურია. ომში მამაკაცთა ყველაზე ულმობელი ძალადობის მსხვერპლი ქალია, მაგრამ ნამდვილი სასჯელი ძალზე იშვიათია, მით უფრო ჩვენი მენტალიტეტის ხალხში.
მაშ, სადაა გამოსავალი? - მიამიტური კითხვა დავუსვი ნინოს. ნინომ ლამის დამარცვლით მომიგო: - არ არის საშველი, არც იქნება. ეს ანგელოზები მთელი ცხოვრება სიცოცხლე მისჯილები იქნებიან, იარსებებენ ვირტუალურ სამყაროში, სხვა განზომილებაში, მტრობით და ზიზღით კაცთა მოდგმის მიმართ.
- იქნებ ზოგიერთ მათგანს ფორტუნამ უწყალობოს, კარგი კაცი შეხვდეს, შეუყვარდეთ და მიიღონ ”პატიება”, შვილებიც გააჩინონ, საქმეს მოჰკიდონ ხელი. ვინ იცის, დრო, გარემოა ყველაფრის მკურნალი. იმედს მაძლევს ის, რომ ახლა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს ამ პრობლემაზე, კარგ საქმეს აკეთებენ, ვნახოთ;
- უეჭველია, რომ მათი უმეტესობა არც საკუთარ თავს და არც მთელს სამყაროს არასოდეს აპატიებს მათ მიმართ ჩადენილი ცოდვის, ბოროტების სიმძიმეს, ზოგიერთი მათგანი შურისძიების გზას დაადგება, მიაღწევს კიდეც ან დაიღუპება;
- ამბობენ, რომ მეცნიერები, ფსიქოლოგები, სამართლის თეორეტიკოსები შურისძიების, სამაგიეროს გადახდის ინსტინქტს ახსნას ვერ უძებნიან, ამიტომაც ამოუცნობ, შეუსწავლელ ადამიანურ ფენომენთა კატეგორიას მიაკუთვნებენ. მსხვერპლისთვის, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, უპირველესი შურისძიება, უბრალოდ, სამაგიეროს მიგებაა....
მინდა ვირწმუნო, რომ ჩვენი ბავშვების ბედი სულ სხვანაირად წარმიმართება, შევაწყვეტინე მე.
●●●
ახალდაბის ქალთა და ბავშვთა კოლონიაზე ზოგი რამ ცნობილია საზოგადოებისათვის, უპირველესად იმათთვის, ვინც ტყვეთა ამ საზარელი ბანაკით თავიდანვე დაინტერესდა.
19-20 სექტემბერს, სოხუმის დაცემამდე, ბოევიკებმა სოფელი ახალდაბა ალყაში მოაქციეს. სკოლაში მასწავლებლები, ქალები, ბავშვები და მოზარდები, დაახლოებით სამასი ადამიანი შეყარეს და ოთახებში გამოკეტეს. იმასაც ამბობენ, მათი ნაწილი, განსაკუთრებით რჩეულები, მეზობელი სოფლის სკოლის შენობაში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენები დახვრიტეს.
ძნელი დასადგენია ბოევიკის ეროვნება: მათ შორის იყვნენ აფხაზები, რუსები, კაზაკები, ჩეჩნები, ჩერქეზები, ადიღები, სომხები, კიდევ ბევრი სხვა; ისინი იმჟამად ადამიანები არც იყვნენ, იყვნენ თოფიანი, იარაღიანი, გამარჯვებული ორფეხა არსებები ყოველგვარი ზნეობის, ადათის, წეს-ჩვეულების, ტრადიციის, დროის, სივრცისა და გონის გარეშე.
სკოლის მეორე სართულზე იმართებოდა უთავბოლო ღრეობა, შეჯიბრება კაცზე მიზანში სროლაში, ორგიები, მთვრალი გასვლები, რათა ყოველი ცოცხალი დაემცირებინათ ან გაენადგურებინათ.
რა თქმა უნდა, ვნების ჟინი ჰქონდათ ქალების, იქვე შეყრილი უმანაკო გოგონების, ბავშვების, მათი ახალგაზრდა მასწავლებლების მიმართ.
ცოდვის კალო ტრიალებდა მეორე სართულზე, იყო ბრძანება: ჯერ თითოს თითო, შემდეგ გაცვლები, შემდეგ ჯგუფური, შემდეგ მამაკაცური ფანტაზიის მიხედვით. მოგვიანებით ქცევის ნორმებიც დადგინდა: მხოლოდ ტიტველი, დედიშობილა, რათა გართობასა და სიამოვნებას უფრო რომანტიკული იერი ჰქონოდა.
მოზრდილი ქალები უფრო ადვილად შეეგუენ გარდაუვალს. ეკა და მისნაირი 12-13 წლის გოგონები, რაკი არ ესმოდათ რა ხდებოდა, რა უნდა მომხდარიყო, ბრჭყალებით, მუშტებით, კბილებით იბრძოდნენ გონების დაკარგვამდე, ბევრი მათგანი ძლიერი დარტყმით, ხელ-ფეხის შებოჭვით, ძელზე გაკვრით, ყელზე ყულფის მოჭერით მოათვინიერეს. სისხლში ცურავდნენ მშობელთაგან ნაპატივები პატარები. შიშველ სხეულზე წყლის მისხმით ასულიერებდნენ გოგონებს მორიგი აქტისთვის, არაყს ასხამდნენ ნაკბენ მკერდზე, ყელზე, ტუჩებზე, მუშტებს, ბოთლებს ტენიდნენ სხეულში.
ვიღაცას აზრად მოსვლია ჩალის კონების შემოტანა, რათა ფიცრული იატაკი რბილი ყოფილიყო, ნაკლებხმაურიანი, თანაც სხვებსაც არ შესცივებოდათ. ჩალის ხრაშუნი წივილ-კივილსაც ახშობდა.
აჰყავდათ და ჩამოჰყავდათ გოგონები და ქალები გემოვნების, მოთხოვნილების, ასაკის, სილამაზის, თმისა და თვალის ფერის მიხედვით. მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე ძალადობდნენ კოლექტიურად, ერთმანეთის გვერდიგვერდ, ერთმანეთის ჩანაცვლებით.
მომდევნო დღეებში მთლად ნორჩებზე გადაიტანეს ყურადღება, მათთან ურთიერთობა უფრო საინტერესო ჩანდა, ბავშვური წინააღმდეგობაც ახალ-ახალ ვნებებს აღვივებდა მათში. ვიღაცამ ინიციატივა წამოიწყო - შეჯიბრება დადგენილ დროში მეტი სქესობრივი აქტის მიღწევაში პირველობის მოსაპოვებლად. დამარცხებულს პურ-მარილი უნდა ეკისრა!
ყველაზე გამორჩეულად, საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ ეკა ჩაუთვლიათ. ამდენად ”მის ეკასთან”, კენჭისყრით რჩეული მეომარი ან სამხედრო რაზმის უფროსობის წარმომადგენელი უნდა მისულიყო და მასთან ”პირველობის” დასტურად მის პრიალა ბავშვურ მუცელზე თავისი გვარი და სახელი უნდა მოესვირინგებინა მელნით შეღებილი ძაფით და ნემსით. ეს რიტუალი ტრადიციად იქცა. ასე გაჩნდა ეკას მუცელზე ორმოცდაორი სვირინგიანი ნაკვალევი ბოქვენიდან მკერდამდე.
არც იმათი ბედი ყოფილა ბევრად უკეთესი, ვინც ნარდის თამაშში მოიგო მეტოქემ.
ერთ დღეს ზედა სართულის ბრძანება გაცხადდა - ქალწულად არავინ არ უნდა დარჩენილიყო. გადამალულ საცოდავ ბავშვებში სამი დაც ერია: მესამეკლასელი, მეექვსეკლასელი და ეკას თანაკლასელი, რომელთა მამა წინა დღეს დახვრიტეს სკოლის უკანა ეზოში, რათა ქალიშვილებზე არ ”ედარდა”.
ბრძანება მკაცრად სრულდებოდა: უკლებლივ ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა ქალებთან და ბავშვებთან ორგიებში, რათა ”ერთგულება და ძმობა” თანაბრად გაენაწილებინათ, ამასთან არავინ დარჩენილიყო განზე თუ პასუხისგება მოუწევდათ იმისთვის, რასაც სჩადიოდნენ.
მოგვიანებით სხვა რიტუალებიც გაჩნდა - ახლად შემოსულ სექსუალურ კონოფილმებსა და პორნოგრაფიულ სურათებში ნანახი პოზები.
ოქტომბრის სუა რიცხვებში ბანაკში მოულოდნელად ოთხი ჭაღარა, დარბაისელი აფხაზი კაცი და ერთი ქალი გამოჩნდა. ორი ფორმიანი ჩინოსანი იყო, ორიც კიდევ სამოქალაქო ტანსაცმელში, ალბათ, მასწავლებლები.
ხმა გავრცელდა, რომ ამ მხეცობაზე ყურმოკვრით შეწუხებულმა აფხაზურმა საზოგადოებამ შეშფოთება გამოხატა და მოითხოვა ბავშვთა და ქალთა წამების შეწყვეტა, ტყვე ქალთა ბანაკის გაუქმება. იმასაც ამბობენ, დიდი შელაპარაკება მომხდარა, იარაღის ჟღარუნამდე მივიდაო საქმე.
ამბობენ, ძალადობაში მონაწილე ფორმიანი ახალგაზრდა აფხაზი მეომრები თანდათან უჩინარდებოდნენო.
ოქტომბრის ბოლოსთვის ბანაკი დახურულა, ქალები და ბავშვები ცალ-ცალკე გაუყვანიათ, მიმოუფანტავთ აფხაზეთში. ბევრი მათგანისთვის კეთილ ადამიანებს ხელი შეუწყვიათ აფხაზეთიდან გასვლაში.
ბევრი მათგანი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
●●●
ნინომ ბევრი რამ დაადგინა. გამანდო, რომ ეკა ადრე დაიახლოვა, მისი მეგობარიც კი გამხდარა, მასზე თითქმის ყველაფერი იცოდა.
ეკაც ენდობოდა თურმე.
- ეკატერინე უმშვენიერესი ქალიშვილი დადგა. ახლობლებმა ახალდაბაში ნაწამები და ცოცხლად დამწვარი დედ-მამის ძაძებიც ლამის ძალით გახადეს, მიყვება ნინო..... უმცროსი ძმა, რუსლანი, რუსეთში ადრე გადასულა, მას იქ საკმაო ავტორიტეტი მოუპოვებია ”შავებისა” და ”თეთრების” აღრეულ სამყაროში.
ეკა არა მარტო ნიჭიერი მოსწავლე იყო, არამედ უზადო ფიზიკური მონაცემების მქონე, საოცარი მოცეკვავე, სცენის მშვენება.
ეკას უცნაურობასაც ამჩნევდნენ, ზოგჯერ იგი აუტანელი ხდებოდა. მეზობელი ქალიშვილების გადმოცემით, უშუქო და უგაზო თბილისში ძლივსძლივობით გამთბარ სააბაზანოში ქალთა ჯგუფთან ერთად იგი არასოდეს შედიოდა, საკუთარ თავში ჩაკეტვას, განმარტოებას არჩევდა.
1997 წელს ეკა დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლის სტუდენტი გახდა. მასზე ყველამ ერთი რამ იცოდა, იგი აფხაზეთიდან იყო, უაღრესად კეთილი, ღვთის მოშიში, ამასთან აუხსნელი თავისთავადობით გამორჩეული; გულითდად მეგობრობდა თანატოლებთან, ძმაკაცობდა ბიჭებთან. უნატიფეს სილამაზესთან ერთად მეტისმეტად ვაჟკაცური და შეუპოვარი იყო.
მეორე კურსზე ეკას სიყვარული ეწვია. სწავლაში წარჩინებული გოგონას არჩევანი აფხაზეთში ნაომარ, მასზე თითქმის 5 წლით უფროს თბილისელ ზურაბზე შეჩერდა. ზურაბი, გამორჩეული, ცნობილი ოჯახის შვილი იყო, ნაკითხი, ზრდილი, თავაზიანი, მეგობრობაში ერთგული, ქართული ტრადიციების პატივისცემით გამორჩეული.
ზურას მშობლებმა ეკა ორ ახლობელ გოგონასთან ერთად ოჯახში მიიწვიეს.
მშობლებმა ზურას ჯიუტი მოთხოვნით, ერთ კვირაში ეკას ხელის სთხოვეს.
ეკა მაინც შეშფოთებული, მეტად შეწუხებული ჩანდა. დრო ითხოვა მოფიქრებისათვის; მანამდე ზურას შესთავაზა მასთან დევნილთა საცხოვრებელში მისვლა, რათა მის გარემოცვას, დევნილთა ცხოვრებას გასცნობოდა.
ზურაბი ეკას მეგობრებისა და ახლობლების უახლოესი ადამიანი გახდა.
ეკა ყოყმანობდა. ერთ საღამოს, ზურას კატეგორიულ მოთხოვნაზე - დაქორწინებულიყვნენ, ეკამ ქალაქგარეთ სალაპარაკოდ გასვლა სთხოვა.
მცხეთაში, ერთ კაფეში, დიდხანს დარჩნენ. ეკამ მას ახალდაბის ტრაგედიის თაობაზე დაწვრილებით უამბო. მხოლოდ ერთი რამის შერცხვა, ვერ გაბედა სვირინგებზე ეთქვა.
ზურამ, თითქოს ყველაფერი იცოდაო, არაფერი გაიკვირვა, მოეფერა, ლოყაზე ეამბორა და საცხოვრებლად აფხაზეთში, ახალდაბაში დაბრუნებას დაპირდა - დაე, ყველამ იცოდეს, ვინ ვინაა და ვინაა ყველაზე დიდი სიყვარულის ღირსი, რა არის ბედნიერება!
ქორწილი შედგა. ეკლესიაში, რესტორანში უამრავი ხალხი იყო.
სტუმრები გვიან დაიშალნენ.
დიდებულ საძინებელ გარნიტურში ნეფე-დედოფალი მარტო დარჩა. ზურაბიც საკმაოდ ნასვამი იყო. ეკამ პირველად იგრძნო, რომ ის ნათრევი ბავშვი კი არა, მოწიფული ქალია, უბედნიერესი ადამიანი, აქვს ღირსეული ცხოვრების, ოჯახის შექმნის, შვილების გაჩენის უფლება.
ცისფერი შანდლების შუქზე ზურას შეხებასა და მის ხელებში მომწყვდევის შემდეგ მას არც არაფერი ახსოვდა - ნეტარებაზიარებულს მკვდარივით ეძინა.
დღის ოთხი საათი იქნებოდა, როცა ზურას დედამ საძინებლის კარებში დააკაკუნა და ნეფე-დედოფალს სადილზე გამობრძანება სთხოვა.
ეკამ მიმოიხედა, რაღაც საზარელი წინათგრძნობა აეკვიატა. თვალში ეცა, რომ ზურაბის ლოგინი ცარიელი იყო, საბანი ალაგებული. იგრძნო, რომ კიდევ რაღაც თავზარდამცემი ელოდა.
სამზარეულო ოთახში გავიდა. დედამთლის ჩაეხუტა. ზურა იკითხა, მათ გაკვირვებულებმა შეხედეს, იქნებ ძმა-ბიჭებმა მოგვპარესო, უხერხულობიდან გამოსასვლელად ისევ ზურას დედამ იმარჯვა.
უხალისოდ ისადილეს. ზურა არ ჩანდა, არც იმ დღეს, არც შემდეგ არ გამოჩენილა.
დედამ ხმა დაარხია: ზურაბი მივლინებით ამერიკაში გაფრინდა, ორი წელი დარჩება, მალე ეკასაც წაიყვანსო.
ოჯახი საიდუმლოს მტკიცედ ინახავდა. ეკას მუცელში ნაყოფი იზრდებოდა, სიყვარულის ნაყოფი.
ზურაბი არ ჩანდა. ეკას ეჭვი გაუჩნდა, რომ ზურაბი საქართველოში იყო, დედასთან ახერხებდა კავშირს, ეკაც ძველებურად უყვარდა, მაგრამ მასთან დაბრუნება შინაგანად არ შეეძლო.
ეკამ ნაყოფი მოსაკლავად ვერ გაიმეტა, თუმცა ბევრი იფიქრა და დედამთილსაც გაანდო.
ახალდაბაში უამრავი სიკვდილის მნახველი ვერ დაუშვებდა ახალ, მითუფრო საკუთარი პირმშოს სიკვდილს, მისი პირველი სიყვარულის გაქრობას. მას, პოეზიაზე შეყვარებულს, შოთა ნიშნიანიძის ”ძახილი” არგაბედოს ძახილით აფრთხილებდა.
ბიჭი გაჩნდა, ზურაბი დაარქვეს. პატარა მამის თვალებით და დედის ეშხით იყო დაჯილდოებული.
ეკა შესანიშნავი დედა დადგა, თუმცა მის სახეზე, ზურას გაუჩინარებიდან უნიღბო ღიმილი არავის უნახავს.
პატარა ზურას წლისთავი ზეიმით აღნიშნეს. სუფრასთან 15-20 ახლობელი და მეგობარი მოიწვიეს. თითქოს შემთხვევით უფროსი ზურაბის სკამი თავისუფალი დატოვა, ასე ჯობიაო.
იმ ღამეს ეკას თვალი არ მოუხუჭავს. ინსტინქტი კარნახობდა, რომ ზურამ მიატოვა, ვერ აიტანა ეკას ტრაგედიის ერთი განსაკუთრებული დეტალი-სვრინგი ინიციალებით. ეკა ზურას არ ამტყუნებდა, მიაჩნდა, რომ მის ადგილზე ისიც ასე მოიქცეოდა.
ეკას უიღბლობის კომპლექსი კვლავ გაუჩნდა. მიაჩნდა, რომ უბედური იყო და ბედნიერება ახალდაბაში წართვეს.
ბავშვი უკვე დიდი იყო, დედის გარეშეც გაიზრდებოდა.
არჩევანი გაკეთდა: ვისი დასჯაც არც ეროვნულ, არც საერთაშორისო კანონს და სამართალს არ შეეძლო, მას უნდა დაესაჯა, თვითონ მოეყვანა აღსრულებაში მის მიერ გამოტანილი და გარდაუვალად მიჩნეული განაჩენი.
....
ეკას ნინოსთვის დაურეკავს, ბავშვისთვის თვალყურის მიდევნება უთხოვია.
მოსკოვში, ძმასთან გადავიდა საცხოვრებლად, მისი თქმით, რუსლანს მოსკოვში ბიზნესი ჰქონდა და გავლენიან ადამიანებსაც იცნობდა.
გაუჩინარებულ ეკას ზურაბის ოჯახი გლოვობდა, მთელი კვირა მოთქვამდა ქალბატონი მერი.
ბავშვს ვერ აწყნარებდნენ, დედას ეძებდა...
...
მომდევნო წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ნინომ დამირეკა, შეხვედრა მთხოვა, თანაც გამაფრთხილა, რომ საუბრის შინაარსი ჩვენს შორის დარჩენილიყო. თუ რამეს დავწერდი, სახელები და ზოგიერთი რამ გამოგონილი ყოფილიყო, პატარა ზურაბს დედაზე არაფერი სცოდნოდა, ამასთან ეკას ძმის და მისი მეგობრებისთვის პრობლემები არ შემექმნა.
ეჭვი არ შემპარვია, რომ ნინო ეკას შემდგომი ბედის შესახებ კარგად იყო იყო ინფორმირებული. არ გამოვრიცხავ, რომ დაღუპვამდე ეკას მასთან საუბრები ჰქონდა.
-რამდენადაც ვიცი, მიყვება ნინო, - ეკამ რუსლანს დედ-მამის ცოცხლად დაწვის დეტალებზე, ახალდაბის მოვლენებზე წვრილად მოუყვა და დახმარება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით დაიმუქრა. ეკას არჩევანის შეცვლა კი არავის შეეძლო.
რუსლანმა მოსკოველ მეგობრებს უხმო, მის ხუთ მეგობარში ერთი აფხაზიც იყო, რუსიც.
სვირინგებზე აღნიშნული გვარებით და ინიციალებით ზოგიერთი მოძალადის ვინაობა დაადგინეს, მათი წვლილი აფხაზეთის ომში.
კენჭი ეყარა და არჩევანიც გაკეთდა.
მოსკოვში, სამხრეთ რუსეთში, იარაღის შეძენა პრობლემა არ ყოფილა თურმე. ყუთი არაყიც საკმარისი აღმოჩნდა ნაომარი ბიჭებისგან იარაღის შესაძენად.
თუ კარგად გადაიხდი, არც აფხაზეთში გადასვლა ყოფილა რთული, არც სოხუმში ჩასვლა.
გაუჩინარებიდან რამდენიმე თვეში ეკას ჯგუფმა ჯერ გუდაუთაში, შემდეგ სოხუმში საკუთარ სახლებში, თანამდებობის მქონე ორ აფხაზს, ადრე ბოევიკს, აჰყარა იარაღი.
პირველმა იუარა, მაგრამ სვირინგზე საკუთარი ხელწერის დანახვისა და დეტალების შეხსენების შემდეგ წინააღმდეგობა არ გაუწევია...
მეორე, უფრო ახალგაზრდა, ვაჟკაცური იერის აფხაზმა ეკას ჯგუფს თვითმკვლელობის თხოვნმა შესთავაზა, მაგრამ მოგვიანებით გადაიფიქრა - დედა ქრისტიანი ქალია, მეც ასე გამზარდა, ცოდოაო, უბედური. ნაღმზე თვითაფეთქება გადაწყვიტა,- იტყვიან უბედური შემთხვევა იყო და მოკვლევას არავინ დაიწყებსო. თქვა და შეასრულა.
აფხაზეთიდან დაბრუნებულმა ეკამ, მოსკოვში ერთ ნაცნობ ექიმს რამდენიმე სვირინგი ამოაჭრევინა, თუმცა ნაიარევი დარჩა, უფრო დაუმახინჯდა ნაზი წელი და მუცელი.
მეტად შეწუხდა ეკა, როცა ადიღელი მოძალადე ისე გაგზავნა საიქიოში, რომ კაბის აწევა და მისთვის სვირინგის წაკითხვა საჭირო არ გახდა. ლაჩარი აღმოჩნდა, გაქცევა სცადა.
ჩეჩენთა ჯგუფმა თავიდან სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია ეკას: მაგრამ მშვენიერი ქალის ტანზე სვირინგების ამოკითხვამ შემართული იარაღი დააშვებინა ჩეჩნებს - შამილი უმალვე გადასცეს ეკას, თხოვეს, ჩვენს თვალწინ ნუ მოკლავო, წესი არ არისო ქალისგან კაცის მოკვლა...
რუსეთის ერთ დიდ ქალაქში ხელი აუკანკალდა ეკას: - ალიოშას, მისი ზურას ტოლი ბავშვი ეკავა ხელში, ბაღში ასეირნებდა. გადაწყვიტა არ მოეკლა, მაგრამ ვერ აპატია სიმხდალე, ტირილი და მცდელობა, ბავშვი აეფარებიანი მაყუჩიანი იარაღისათვის.
იმავე ქალაქის ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე რთულის ოპერაციის დროს, რომელიც მისთვის გაურკვეველი თანამდებობის სამხედრო პირს შეეხებოდა, ეკა დაფრთხა რატომღაც და ბიჭების ხიფათში ჩაგდებას მოერიდა. თავადაც დაიღალა, საკმარისად მიაჩნდა ამდენი სიკვდილი, სისხლიანი საქმეები, ანტიქრისტეს საქციელი, და მაინც, ერთ, მისი ფიქრით უკანასკნელ ცდუნებას წინ ვერ აღუდგა - ვიტალი უნდა მომკვდარიყო, სწორედ ის ვიტალი, რომელიც თავგამეტებით ცდილობდა მასთან პირველი უკუღმართი კავშირის მიღწევას, რაც არ დაანება აფხაზმა ყმაწვილმა, თუმცა ამ ორომტრიალს ეკას ორი კბილი შეეწირა.
ეკა მაინც ყოყმანობდა. წინა ღამეს რესტორანში რუსლანმა და ბიჭებმა დაბადების დღეს გადაუხადეს.
იმ საღამოს ეკა ციურ ფერიას ჰგავდა და უბრალო მიხვრა-მოხვრით დაიმონა რესტორნის უზარმაზარ დარბაზში მოქეიფე ხალხი.
ჯერ ქართული და რუსული ცეკვები შეასრულა, მერე რუსული რომანსები და ”ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” იმღერა, ”თბილისოთი” დაასრულა.
ეკა უბადლო იყო, დარბაზი არ ეშვებოდა.
ესპანურ-იბერულ მუსიკაზე ეკამ საცეკვაოდ ჯგუფის ბიჭები გაიწვია. ვერავინ გაუძლო. დარბაზიდანაც იყო თავის გამოჩენის მრავალი მოსურნე, მაგრამ ყველა დაიღალა. მაინც მარტო დარჩა.
დარჩა მარტო და ეს იყო სასწაული; ის დაფრინავდა, მისი ტანგო, ესპანური ხალხური, კლასიკა, ”ქართული”, ”აფხაზური” შეუდარებელი იყო, მისი პლასტიკა არნახული, გამაოგნებელი, სიტყვით აუწერელი.
ფეხზე ამდგარი დარბაზი და ბენდი ოვაციით აცილებდნენ ახალგაზრდა ქართველ ქალბატონს. რესტორნის მენეჯერის და უცხოელისგან იქვე მიიღო სავიზიტო ბარათი და მიწვევა სამუშაოდ.
ეკამ კარგად იცოდა, რომ ვიტალის ოფისი მეორე სართულზე იყო და ძლიერი პირადი დაცვა ჰყავდა. ეკამ, იმ საღამოს განსაკუთრებით ლამაზმა და მეგობრისგან ნათხოვი უძვირფასესი ქურქითა და ძვირფასი სამკაულებით ბრწინვალედ შემოსილმა, კარისკაცთა ხელშეწყობით მოახერხა დედათა უზომოდ მოყვარულ ვიტალისთან პაემანის დანიშვნა.
საცთუნებელს ვერ გაუძლო ვიტალიმ - ხაფანგში გაება; გადაწყვიტა თვალი შეევლო ქართველი ლამაზმანისთვის საკუთარ აპარტამენტებში.
თვალისმომჭრელ მუნდირში გახვეულ ვიტალის კარგად ახსოვდა აფხაზეთის, ”ომის პატარძლების” ხიბლი, უჩვეულოდ მორცხვი ქართველი ქალების გემო, ტყვე გოგონების ძლევის სიამოვნება. ამიტომაც გადაწყვიტა იმავე საღამოს შეხვედროდა ეკას.
ეკა ტანის კეკლუცი რხევით შევიდა ვიტალისთან. ვიტალიმ მდიდრულ რესტორანში გადარეკა, შეკვეთა მისცა, დაცვის ბიჭებიც გააფრთხილა თანამგზავრობაზე.
ვიტალის გასაოცრად, ეკამ პისტოლეტი იძრო და ერთი ამოსუნთქვით ახალდაბა შეახსენა. ვიტალიმ აფხაზეთში ყოფნაც კი იუარა. ეკას გაახსენდა ვიტალის მარცხენა ძუძუსთან მრავალჯერ ნანახი, ღრმა, ჯვარედინი ჭრილობა და აიძულა იგი პერანგი გაეხადა.
წინააღმდეგობა არ ყოფილა, ეკამ გაისროლა. ეს თვითნებობა იყო მისგან, ასეთი დათქმა არ ყოფილა რუსლანთან და მის მეგობრებთან, მან თავი გაიმეტა. ეკას არ შეეძლო მის გამო ვინმეს სიკვდილის დაშვება. ბიჭებში არავინ იყო დამნაშავე, მხოლოდ მას ჰქონდა სისხლიანი ხელი.
სანამ დაცვა შემოცვივდებოდა, ეკა დერეფნიდან კიბეებზე დაეშვა, პისტოლეტს მაყუჩი მოაძრო და რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა.
●●●
ეკას გვამმა სასამართლო ექსპერტიზას და რუსეთის სამართლამდამცავებს მრავალი თავსატეხი გაუჩინა. საქმე გაუხსნელი დარჩა. დამნაშავეები ვერ აიყვანეს.
საქმე მარტოხელა, ფსიქიკურად დაავადებული, ეჭვიანი და მეძავი ქალის შურისძიების მუხლით დაიხურა.
გვამი მივარდნილ სასაფლაოზე გადაიტანეს და ცელოფანში შეხვეული დაასაფლავეს.
მოგვიანებით ეკას ნეშტის გადასვენება ჯერ ინგუშეთში მოხერხდა, შემდეგ კი სხვისი სახელითა და გვარით, აფხაზეთში.
მის ტანზე ჯერ კიდევ იყო ბევრი ამოუშლელი სვირინგი, დაასრულა ნინომ.
პროფესიონალი სამართალდამცავებიც ტირიან ხანდახან.....
თბილისი, სექტემბერი, 2005წ.