აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 24 ივნისის დადგენილებით 5 ოქტომბერი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა.
აფხაზეთში, საქართველო 1992-1993 წლების ომის დროს და შემდგომ პერიოდში ოკუპანტებმა განახორციელეს მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის მიზანმიმართული და მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც 5 ათასზე მეტი სრულიად უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეყრდნობოდნენ რა რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, მკვლელები უმოწყალოდ ხოცავდნენ ქალებს, მათ შორის ორსულებს, პატარა ბავშვებს, ხანდაზმულებს, ავადმყოფებსა და უნარშეზღუდულ ადამიანებსაც კი.
აფხაზეთში მომხდარ ტრაგედიას თავისი მასშტაბებითა და ველური სისასტიკით ანალოგი არ მოეპოვება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში. საქართველოს პარლამენტმა, გაითვალისწინა რა ეუთოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, სავსებით დასაბუთებულად შეაფასა იგი როგორც ეთნიკური წმენდა-გენოციდი. სხვადასხვა ფორმით აფხაზეთის ტრაგედია დღემდე გრძელდება, რომლის უკან კვლავაც დგანან დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი ოკუპანტები.
მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულები და დევნილები პატივს მიაგებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა-გენოციდის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები გაიმართება:
თბილისში - დასაწყისი 11 საათზე
ილორის წმინდა გიორგისა (ვახუშტის ხიდთან) და დემეტრე თავდადებულის (ტერენტი გრანელის ქუჩა) ეკლესიები;
ქუთაისში - დასაწყისი 10 საათზე
წმინდა სვიმონ კანანელის ტაძარი (ავტომშენებლის ქუჩა) და
ზუგდიდში - დასაწყისი 10 საათზე
ქრისტე მაცხოვრის ეკლესია (მაცხოვრის კარი).
სათანადო ღონისძიებები გაიმართება აგრეთვე აფხაზეთის საჯარო სკოლებში.