აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს განცხადება აფხაზეთის ა/რ ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით

 

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი კვლავაც აგრძელებს ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის, მისი ელემენტარული უფლებების უხეში და მიზანმიმართული დარღვევის დანაშაულბრივ პოლიტიკას. ამაზე მიუთითეთებს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 5 მარტიდან ოტობაიასა და ნაბაკევში გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ.  აშკარაა, რომ საკუთარ ქვეყანაში გადაადგილების უფლების  შეზღუდვით,  კრემლი  სჯის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების დღე-დღეზე მოპოვების მოლოდინში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და ამ ორი მოვლენის დროში დამთხვევა მოსკოვმა  სავსებით გამიზნულად მოახდინა.

 

ოკუპანტის გადაწყვეტილება  აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი გადასასვლელების დახურვის შესახებ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალის ფუძემდებლურ ნორმებს. ამასთანავე იგი მრავალ დამატებით პრობლემას შეუქმნის ისედაც უფლებაყრილ და კანონგარეშე გამოცხადებელ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას. უკიდურესად გართულდება კომუნიკაცია აფხაზეთის ოკუპაციის შედეგად გახლეჩილი ათასობით ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს შორის. გადასასვლელების დახურვის შედეგად კიდევ უფრო დამძიმდება გალის რაიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. ადამიანები ვერ შეძლებენ არსებობის ძირითადი წყაროს - სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების არაოკუპირებულ ტერიტორიაზე გადმოტანას და მისაღებ ფასებში რეალიზაციას, აგრეთვე სურსათისა და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას. გალის რაიონის სოფლებში მაცხოვრებელთა უმეტესობისთვის  ა.წ. 5 მარტის შემდეგ პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი გახდება გადაუდებელი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების, ასევე ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონების სკოლებში ხარისხიანი განათლების მშობლიურ ენაზე მიღება.

 

გადაადგილების უფლების შეზღუდვის  გადაწყვეტილება  მიმართულია დანარჩენი საქართველოსაგან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემდგომი იზოლაციისკენ,  მთელი ამ რეგიონის მცოცავი ანექსიისა და ასიმილაციის  დაჩქარებისკენ.  სრულიად აშკარაა, რომ  ეს ყოველივე პირდაპირ კავშირშია აფხაზეთის, უპირველეს ყოვლისა, გალის რაიონის გამალებულ მილიტარიზაციასთან, ე.წ. ,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების“ შექმნის შესახებ მოსკოვის მიერ ადგილობრივ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან 2015 წლის 21 ნოემბერს დადებული ,,ხელშეკრულების“  ამოქმედებასთან. გალის რაიონის  ჩაკეტილ სივრცედ, ლამის საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევა, ოკუპანტების აზრით, გამორიცხავს აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, დღეს დევნილების, საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ხელს შეუწყობს ეთნიკური წმენდისა და გენოციდის შედეგების დაკანონებას.

 

უმაღლესი საბჭო, გამოხატავს რა ღრმა შეშფოთებას აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო,

 

-  გმობს გალის რაიონის ქართული მოსახლეობის მიმართ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დისკრიმინაციული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას, გადაადგილების უფლების უკიდურესად შეზღუდვას;

 

- მოუწოდებს თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ადექვატური შეფასება მისცეს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის ჩვეული პრაქტიკის გაგრძელებას, რაც ამჯერად მოქალაქეთა გადაადგილების უფლების კიდევ უფრო შეზღუდვაში გამოიხატა;

 

-  მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  კვლავაც განაგრძოს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება აფხაზეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შესახებ და მიიღოს დამატებითი ზომები, რათა აღნიშნული საკითხი გახდეს გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს, სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი  შესაბამისი სტრუქტურების განხილვის საგანი;

 

- მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განიხილოს ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების, მათ შორის გადაადგილების უფლების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით საერთაშორისო სამართლბრივი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა;

 

- თხოვს ჟენევის ფორმატის მედიატორებს მომავალ მოლაპარაკებებზე უზრუნველყონ  აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების უფლების შეზღუდვის საკითხის საგნობრივი და პრინციპული განხილვა.

 



ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის საკითხი განხილეს

 

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფლებში ნაბაკევსა და ოტობაიაში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის საკითხი იქნა განხილული.

 

აღნიშნულ საკითხზე მუდმივ საბჭოში  განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენeლმა, ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა.  მან ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილების ნეგატიურ შედეგებზე, რომელიც აფხაზეთის რეგიონის და იქ მცხოვრები მოსახლეობის სრულ იზოლირებას ემსახურება. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით უხეშად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური უფლებები, რაც   კიდევ უფრო გაართულებს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას. საკუთარ გამოსვლაში ელჩმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ისევე, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვანი შეფასება მისცეს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ოკუპირებული რეგიონების იზოლირების ტენდენციას, ასევე 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დანიშნულ ე.წ. რეფერენდუმს და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის უკანონო ნაბიჯებზე.

 

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში აშშ-ს, ევროკავშირისა და კანადის (კანადამ განცხადება გააკეთა ასევე ნორვეგიის სახელით) დელეგაციებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას მიუერთდა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა და  მოლდოვა.

 

გამომსვლელებმა თავის განცხადებებში ცალსახად დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტი. მათ ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

 

მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ასევე,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს  ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა, როგორც ამას მისიის მანდატი ითვალისწინებს.

თავის განცხადებაში აშშ-ის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაგმო ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი უკანონო „რეფერენდუმი“ და განაცხადა, რომ აშშ არ აღიარებს ე.წ. „რეფერენდუმის“ შედეგებს.

http://ghn.ge/com/news/search/?text=%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%9D-%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98+%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98+%E1%83%94.%E1%83%AC.+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1



საგულისხმოა ამ საკითხთან დაკავშირებით რეაგირება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან


საქართველოში ამერიკის შეერთებილი შტატების საელჩო აკეთებს განცხადებას, რომლის თანახმადაც, აშშ შეშფოთებულია დახუროს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი გამშვები პუნქტი.

საელჩოს განცხადებით, აშშ მოუწოდებს გამშვები პუნქტების გახსნისკენ მოუწოდებს, რათა მოსახლეობამ თავისუფლად შეძლოს გადაადგილება

2017 წლის 5 მარტს აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ორი გადასასვლელი პუნქტი დახურეს.

 

“ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით დახუროს საქართველოში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი კონტროლირებადი გამშვები პუნქტი. ეს ქმედება კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი მაცხოვრებლების საარსებო წყაროს.

მსგავსი ქმედებები იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ სირთულეებს და ხალხს უქრობს ნდობასა და თავდაჯერებულობას. ამასთანავე, ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს – აღიარებულ მექანიზმს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებსა და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე მოლაპარაკების საწარმოებლად. შეერთებული შტატების მოწოდებაა, კვლავ გაიხსნას აღნიშნული გამშვები პუნქტები, რათა საშუალება მიეცეთ ბავშვებს, იარონ სკოლაში და მოსახლეობამ შეძლოს თავისუფლად გადაადგილება, ვაჭრობა, ნათესავების მონახულება და საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება.

შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,”- აცხადებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

http://netgazeti.ge/news/178194/

 

ეუთო აფხაზეთის .. გადასასვლელების დახურვის გამო შეშფოთებულია

 

ეუთოს თავმჯდომარეობამ შეშფოთება გამოხატა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა მის ნეგატიურ შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის

„ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო პერიოდში ადგილზე განვითარებულ მოვლენებს.  ამ გადაწყვეტილებას ნეგატიური შედეგი მოჰყვება, პირველ რიგში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისთვის. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ არსებითი დიალოგისაკენ და სწრაფი და პრაგმატული გადაწყვეტილებებისკენ, რათა თავიდან იყოს აცილებული ის შედეგები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე შეიძლება აისახოს“, – განაცხადა ეუთოს თავმჯდომარეობის პრესსპიკერმა.

ეუთოს თავმჯდომარეობამ ხაზი გაუსვა ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების, როგორც კონსტრუქციული ჩართულობის პლატფორმის, მნიშვნელობას.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. გადასასვლელების დახურვას გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხურჩა-ნაბაკევის და ორსანტია-ოტობაიას გადასასვლელები 5 მარტს ჩაიკეტა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ფაქტი დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2016 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დახურეს თაგილონისა და ლეკუხონას სოფლების ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, ხოლო 2017 წლის 5 მარტს გააუქმეს კიდევ ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტი.

http://infonews.ge/?p=8404

 

 

ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions