აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები ჰერბერტ ზალბერის განცხადებას ეხმაურებიან

სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის მიერ ცხინვალში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკისუმაღლესი საბჭოს წევრები

 

განცხადება

 

სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლმა, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ჰერბერტ ზალბერმა მიმდინარე წლის 16 მაისს ოკუპირებულ ცხინვალში ვიზიტისას უპრინციპო, საქართველოს სუვერენიტეტის შემლახველი და ამასთანავე ცინიკური განცხადება გააკეთა. ოკუპანტების მიერ განადგურებული და მოსახლეობისაგან დაცლილი დასახლებული პუნქტების ფონზე  მან  რეგიონის უკანონო და ფორმალურ მმართველს  ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და ახალი თანამდებობის დაკავება მიულოცა. ამით ბატონმა ჰერბერტ ზალბერმა უხეშად დაარღვია დიპლომატიური ეტიკეტი, სრულიად უგულვებელყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში თავად ევროკავშირის  მყარი პოზიცია, შეურაცხყოფა მიაყენა გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ასეულ ათასობით მსხვერპლს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. როდესაც ევროკავშირის საყოველთაოდ ცნობილი ოფიციალური პოლიტიკის საპირისპირო განცხადებას აკეთებს დიდი გამოცდილების მქონე მისი სპეციალური წარმომადგენელი, ასეთი უცნაური საქციელი, სულ მცირე, უნდა შეფასდეს როგორც დიპლომატის პირადი პოზიცია. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჰერბერტ ზალბერის  მიერ ცხინვალში დაფიქსირებული პირადი პოზიცია სრულ თანხმობაშია ოკუპანტის პოლიტიკასთან. სამაგიეროდ იგი შეუთავსებელია სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის ესოდენ მაღალ მისიასთან.

საქართველოში არსებული კონფლიქტების დარეგულირების ისტორიაში ცნობილია ფაქტი, როდესაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი 2012 წლის აპრილში აფხაზეთის ტერიტორიაზე „არასასურველ პირად“ გამოცხადდა. ამის მიზეზად დასახელდა ტიშკევიჩის მიერ აფხაზური მხარის მიმართვების თითქოს იგნორირება და კონფლიტის ზონაში ევროკავშირის მეთვალყურეთა დაშვების მოთხოვნა. ამგვარი მოთხოვნა კი იყო და არის სავსებით ლეგიტიმური, ვინაიდან მას 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზის დოკუმენტი ითვალისწინებს. მიუხედავად სეპარატისტთა მოთხოვნის აბსურდულობისა,  ევროკავშირიმა ანჯეი ტიშკევიჩი საქართველოდან 2013 წლის ივნისში გაიწვია,  რათა კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს მიკერძოებულობის განცდა არ გასჩენოდა.

ბატონი ზალბერის „მილოცვა“ ზუსტად, რომ ანალოგიურ განცდას უქმნის ქართულ საზოგადოებას და, პირველ რიგში, იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპანტების მიერ წარმოებული გენოციდისა და ეთნოწმენდის პოლიტიკის შედეგად საკუთარი სახლებიდან არიან განდევნილი. ეს ადამიანები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მოელიან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას პრობლემის მოსაგვარებლად. დღეს კი იმედგაცრუებულები და დამცირებულები ადევნებენ თვალყურს ჰერბერტ ზალბერის აღმაშფოთებელი განცხადების გამო შექმნილ გაურკვეველ ვითარებას. ისინი კატეგორიულად, მაგრამ სამართლიანად მოითხოვენ ბატონ ზალბერის საქციელის დაგმობას, მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ვინაიდან ნებისმიერ საქციელს  თავისი პოლიტიკური ფასი გააჩნია.

დაახლოებით ერთ თვეში ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი გაიმართება, სადაც კვლავაც იქნება განხილული როგორც უსაფრთხოებასთან, ისე დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებული უაღრესად აქტუალური საკითხები. ცხადია, ქართული საზოგადოების, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მხრიდან ნდობადაკარგულ ბატონ ზალბერს, რომელიც უკანონო საოკუპაციო რეჟიმებს პირადად აღიარებს, აღნიშნულ პრობლემებთან შეხების, მათზე მსჯელობის მორალური უფლება არა აქვს.

უმაღლესი საბჭო გმობს რა ბატონ ზალბერის მიერ ცხინვალში გაკეთებულ განცხადებას,

 

მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჟენევის დისკუსიებზე კონსტრუქციული ბალანსის შენარჩუნების მიზნით, გააგრძელოს ძალისხმევა, რათა ჰერბერტ ზალბერს ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება და მან დატოვოს საქართველო;

თხოვს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში  ქალბატონ ფრედერიკა მოგერინის მოახდინოს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის კონფლიტის ყველა მხარისთვის მისაღები სხვა პიროვნებით ჩანაცვლება და ჟენევის პროცესისაგან მისი ჩამოშორება.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები:

ელგუჯა გვაზავა, ჯემალ გამახარია, აკაკი გასვიანი, დავით გვაძაბია, გივი ლომინაძე, თეიმურაზ ლორთქიფანიძე, ნუგზარ მგალობლიშვილი, თეიმურაზ მჟავია, რაისა ქარაია, რუდიკ ცატავა, ანზორ წოწონავა, თამაზ ხუბუა.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions