ჯემალ გამახარია : ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევა სრულად ექვემდებარება რომის სტატუტის იურისდიქციას

 

20 წლის წინ, 1998 წლის 17 ივლისს, გაეროს უფლებამოსილ წარმომადგენელთა  კონფერენციამ, რომელიც  ქალაქ რომში გაიმართა, მიიღო „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება“ - რომის სტატუტი. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ბ-ნ ჯემალ გამახარიას.

საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი მართლსაჯულებისსისტემის შექმნის აუცილებლობა  ჯერ კიდევ 1948 წელს იქნა აღიარებული, როდესაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ იმავე წლის 9 დეკემბერს დაამტკიცა კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ. ე. წ. ცივი ომის პირობებში ამ იდეას განხორციელება არ ეწერა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იდეააქტუალური გახდა ცივი ომის დასრულების შემდეგ. მისი შექმნის პროცესი დააჩქარა ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე და რუანდაში 90-იანი წლების პირველ ნახევარში ჩადენილმა უმძიმესმა დანაშაულებმა. ნათელი გახდა, რომ გარდა კონკრეტული ამოცანებისა და უფლებამოსილების მქონეტრიბუნალებისა, რომლებიც დროებით ყალიბდებოდნენ, საჭირო იყო მუდმივმოქმედი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაფუძნება. სწორედ ასეთი სასამართლო შეიქმნა 1998 წლის 17 ივლისს გაეროს ეგიდით რომში გამართულ კონფერენციაზე. სუვერენულმა სახელმწიფოებმა პირველად აღიარეს მუდმივმოქმედი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  იურისდიქცია. ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, რომელზეც  საქართველო დიდ იმედებს ამყარებდა.

რომის სტატუტი ძალაში შევიდა 2002 წლის 1 ივლისიდან. მას ხელი მოაწერა 139 სახელმწიფომ, რატიფიკაცია კი 123 ქვეყანამ მოახდინა. სრულიად გასაგები მიზეზების გამო, ამ ქვეყნებს შორის არ არის რუსეთის ფედერაცია, რომელმაც 2000 წელს რომის სტატუტს ხელი  მოაწერა, მაგრამ 2016 წლის 16 ნოემბერს ოფიციალურად თქვა უარი მის რატიფიკაციაზე. გარკვეული მოსაზრებით, რომის სტატუტის რატიფიკაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, ინდოეთს, ისრაელს და ზოგიერთ სხვა ქვეყანასაც არ მოუხდენიათ. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების რატიფიკაცია 15 წლის წინ - 2003 წლის 16 ივლისს მოახდინა. რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოები შედიან მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეაში, რომელიც წელიწადში ერთხელ იკრიბება და იხილავს სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებულ  ყველა საკითხს. სასამართლო მდებარეობს ჰააგაში, თუმცა მოსამართლეთა გადაწყვეტილებით მას აქვს ნებისმიერ სხვა ადგილას სხდომის გამართვის უფლება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაფუძნებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს საქართველოსთვის, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთის პერმანენტული აგრესიის ქვეშ იმყოფება. მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული  ჰიბრიდული და ღია ომების შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ქართული მოსახლეობა გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდა. იმედი გვაქვს, ჰააგაში მიმდინარე სასამართლო ობიექტურად შეაფასებს 2008 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და სამართლიან ვერდიქტსაც გამოიტანს. აფხაზეთიც ოკუპირებული გახლავთ იმავე რუსეთის მიერ, რასაც  ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს. უფრო მეტიც, აფხაზეთში  ხორციელდება მცოცავი ანექსიის პოლიტიკა. აქედან გამომდინარე უმძიმესი დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია აფხაზეთის ტერიტორიაზე 2003 წლის, ანუ რომის სტატუტის რატიფიკაციის შემდეგ, შეიძლება დაექვემდებაროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. პირველ რიგში, ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად აფხაზეთის ოკუპაცია, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევა. ეს დარღვევები, რომლებიც დღითი დღე სულ უფრო და უფრო მძიმდება, ჩვენი აზრით, შეიცავს გენოციდის, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და სამხედრო დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, სრულად ექვემდებარება რომის სტატუტის იურისდიქციას. მისი მთელი რიგი მუხლები თავისი პუნქტებითა და ქვეპუნქტებით ზუსტად მიესადაგება აფხაზეთში ამჟამად  არსებულ ვითარებას (მუხლები 6 - 8). გარდა ამისა, დღეიდან, 2018 წლის 17 ივლისიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია აგრესიის დანაშაულზეც ამოქმედდება. ეს გარემოებაც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს, რომელიც რუსეთის აგრესიის ქვეშ იმყოფება.

მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების  გამო, უმაღლესი საბჭო, მთლიანად აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება თავის საქმიანობაში, რომელიც აფხაზეთის დეოკუპაციისკენ იყო და არის მიმართული, სათანადო ყურადღებას ვერ აქცევსსაერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების, პირველ რიგში, რომის სტატუტის გამოყენებას, რაც ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია ჩვენს შეცდომად. როგორც კი ვითარება შეიცვლება და ხელისშემშლელი ფაქტორები მოიხსნება, უმაღლესისაბჭო სერიოზულად უნდა დაკავდეს აღნიშნული საკითხით.  წინ გველოდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელიც ეძღვნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების დამტკიცების მე-20, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის, აგრეთვე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 70-ე წლისთავს. ვფიქრობ, მომავალი კონფერენცია, მისი შედეგები გარკვეული თვალსაზრისით გახდება საფუძველი დასტიმული ჩვენთვის, რათა სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლა იქცეს ლეგიტიმური სახელისუფლებო სტრუქტურების საქმიანობის ერთ-ერთმთავარ მიმართულებად.

ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions