12 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის გიორგი ძაძამიას ინტერპელაციის წესით მოსმენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვის გრაფიკის დამტკიცების საკითხები.  

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, სამინისტროს აპარატის წარმომადგენელი მარად ჩაკვეტაძე და ქეთევან კალანდაძე.

სხდომას ესწრებოდა აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე. 

მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც დახარჯული საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანობას შეეხებოდა. ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

გიორგი ძაძამიამ ყურადღება გაამახვილა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში განხორციელებულ ინიციატივებზე, როგორიცაა დევნილი ბავშვებისთვის საახალწლო პროექტი - „ჯადოსნური დღეები“; აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ადამიანების დაჯილდოება; დევნილ მხატვართა ჯგუფური გამოფენა - „აფხაზეთის ფერებით“; საახალწლო პროგრამა - „სიყვარულით თქვენთვის“; წარმატებული სპორტსმენების ყოველწლიური დაჯილდოება; მიხეილ ჩაჩბას სახელობის ცურვის ტურნირი; ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიისა და ტრადიციების შესახებ ცნობიერების ამაღლების შემეცნებითი ტურები.

შეეხო საქართველოს სასკოლო პროგრამებში აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის სწავლების პრობლემას, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე: ქვეპროგრამა - ონლაინ კლასი/ბანაკი აფხაზეთის კულტურული და  ბუნებრივი მემკვიდრეობა; ქვეპროგრამა - საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარები და სხვა.

სხდომის მსვლელობისას დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, ფრაქცია „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის“ თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, დეპუტატებმა ელგუჯა გვაზავამ, ზურაბ ჯგუბურიამ. 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მინისტრს ამომწურავი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასა ინტერპელაციის წესით მისი მოსმენა. აღნიშნა, რომ სამინისტროს მუშაობა მიმდინარეობს ჩამოყალიბებული პოლიტიკის შესაბამისად, ყველა ნაბიჯი კარგად გააზრებულია, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია.

ჯემალ გამახარიამ კიდევ ერთხელ მიმოიხილა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მიმართულებით არსებული ვითარება.  

გალერეა

სხვა სიახლეები