მიმდინარე
წლის 10 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და
პლენარული სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
უმაღლესი
საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
მინისტრის, ალიონა ჩხოტუას ინტერპელაციის წესით მოსმენის შესახებ“. მინისტრთან ერთად
სხდომას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ბორის გაბუნია, მინისტრის მოადგილე
ელენე არდაზიშვილი და ამავე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის
მოადგილე გოჩა ხარაიშვილი. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა აფხაზეთის მთავრობის აპარატის
უფროსი გიორგი სუთიძე.
მინისტრმა
პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს.
ერთ-ერთი
საკითხი 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახელმწიფო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობასა
და მიმდინარე პროგრამებს შეეხებოდა. მინისტრის განმარტებით, შედეგზე ორიენტირებული
მიდგომის უზრუნველსაყოფად, უწყებამ განახორციელა ასიგნებების ოპტიმიზაცია და სხვადასხვა
ქვეპროგრამიდან 90 300 ლარის მობილიზებით „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის“ ბიუჯეტი
189 300 ლარამდე გაზარდა, რომლის საკასო შესრულებამაც 91% შეადგინა. აღნიშნული დაფინანსებით
საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 9 პროექტი, რომლებშიც ჯამში 228 ბენეფიციარი ჩაერთო,
მათ შორის 32 პირი ოკუპირებული ტერიტორიიდან. პროექტები მოიცავდა მოზარდთა ევროსოციალიზაციას,
ხელოვნების კურსებს, ტექნოლოგიურ და სამართლებრივ კვირეულებს, ასევე შშმ პირთა რეაბილიტაციასა
და სოციალურ მხარდაჭერას. ამასთანავე, საფინანსო დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნასთან
დაკავშირებით აღინიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 108-ე მუხლი მსგავს საპროცედურო
ვალდებულებას ინტერპელაციის ფორმატში არ ითვალისწინებს.
მინისტრმა
ასევე ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით
არსებული მდგომარეობის შესახებ.
სხდომის
მსვლელობისას დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ
თამაზ ხუბუამ; თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის
დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ; იურიდიულ და
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ; ადამიანის უფლებათა
დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ ადა მარშანიამ; საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ჯგუბურიამ; ფრაქცია „მრგვალი მაგიდა - დიალოგი
ერთიანი საქართველოსათვის“ თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ.
უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა მინისტრს ამომწურავი ინფორმაციისთვის,
რომელსაც პოზიტიური და ყოვლისმომცველი უწოდა, და დადებითად შეაფასა ინტერპელაციის წესით
მისი მოსმენა. ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ სამინისტროს ძალიან კარგი პროგრამები
აქვს, რომელთა შორისაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა აფხაზეთის შესახებ ცნობადობის
ამაღლება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი
რამ არის გაკეთებული, თუმცა მუშაობა კვლავ უნდა გაგრძელდეს — მით უმეტეს, მოწინააღმდეგე
მხარის საქმიანობის გათვალისწინებით, რომლის უკანაც უზარმაზარი იმპერია დგას. მან კიდევ
ერთხელ ისაუბრა ენგურს მიღმა, კერძოდ, გალის რაიონში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების
უფლებების უხეშ დარღვევებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.