2 ივნისს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“, საქართველოს
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნის ცერემონია საქართველოს 12 რეგიონის
დელეგაციების აღლუმით დაიწყო. ახალგაზრდა სპორტსმენებმა ოლიმპიური დროშების თანხლებით
საზეიმოდ შემოაბიჯეს სტადიონზე და წარმოადგინეს თავიანთი რეგიონები, რომლებიც მომდევნო
დღეების განმავლობაში სპორტულ ასპარეზობებში ღირსეულად იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.
დიდ ეკრანზე ამონათდა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის
გამოსახულება, ფონად კი გაისმა სიმღერა „საქართველო, მიყვარხარ“, რამაც ცერემონიას
განსაკუთრებული ემოციური განწყობა შესძინა.
ღონისძიების განმავლობაში მაყურებელმა იხილა
მრავალფეროვანი კულტურული და მუსიკალური წარმოდგენები, ქორეოგრაფიული ნომრები, თანამედროვე
ვიზუალური ეფექტები და ვიდეორგოლი ქართველი ოლიმპიელების წარმატებების შესახებ.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი
ხაბელოვმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, საქართველოს სპორტის მინისტრმა
შალვა გოგოლაძემ და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის
თავმჯდომარე ელგუჯა ბერიშვილმა მიმართეს.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი,
რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება, ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის
მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, მიიღონ მაღალი
დონის სპორტული გამოცდილება და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან დიდი სპორტული წარმატებებისკენ.
ფესტივალი სპორტის 17 სახეობაში იმართება. მასში
მონაწილეობას იღებს საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდი, ხოლო მონაწილეთა საერთო
რაოდენობა დაახლოებით 1200 სპორტსმენს შეადგენს. ფესტივალში 14-17 წლის ახალგაზრდები
ასპარეზობენ.
ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში, ხოლო მთავარი პრიზი იმ რეგიონს გადაეცემა, რომელიც ქულათა საერთო ჩათვლაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე,
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების მთავრობის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.