15 ივნისს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო- სახალხო  განხილვის საორგანიზაციო კომისიამ შეხვედრა მოაწყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, სოხუმის უნივერსიტეტის თვითმმართველობასთან, დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებთან.

სხდომა გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ. მან წარმოდგენილი ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.

კომისიის წევრმა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ  ხაზი გაუსვა კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვის პროცედურის თავისებურებებს და დამსწრე საზოგადოებას გააცნო აღნიშნული კანონპროექტები. მან ასევე ისაუბრა იმ გარემოებებზე თუ რამ გამოიწვია აღნიშნული ცვლილების ინიცირება.

 მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუამ,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ვეფხვია გვარამიამ,  სამართლის დოქტორებმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა  ლალი გაბისონიამ და ასმათ გუგავამ. 

აღნიშნულ კანონის პროექტებთან დაკავშირებით  შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.

სხდომას ესწრებოდნენ საორგანიზაციო კომისიის წევრები: ჯემალ გამახარია (კომისიის თავმჯდომარე), თამაზ ხუბუა, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, ვახტანგ ყოლბაია,   ვეფხვია გვარამია,  უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე ნოდარ ჯალაღონია,  ლეილა ხუნჯუა, თამაზ სანიკიძე.

გალერეა

სხვა სიახლეები