19 ივნისს აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომებს უძღვებოდა უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის
წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით
ფაცაციას მოუსმინეს.
მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ
წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული
დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერისა და საცხოვრებლების სარემონტო სამუშაოების ასიგნებების
ხარჯვის ეფექტიანობას, ასევე სოციალური უზრუნველყოფის მუხლით გამოყოფილი ფინანსების
მიზნობრივ ათვისებას. ამ საკითხებზე დავით ფაცაციამ დეპუტატებს წარუდგინა დეტალური
ანგარიში, სადაც ხაზი გაუსვა, რომ გადაუდებელი მცირე რემონტი ჩატარდა 43 ობიექტზე,
რამაც საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესა 2 087 ოჯახს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების
მუნიციპალურ პროგრამებში თანადაფინანსებით დახმარება გაეწია 1 429 ოჯახს 19 ობიექტზე,
ხოლო კაპიტალური რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდა 37 ობიექტზე. სამშენებლო მასალებით
443 დევნილი პირი დაკმაყოფილდა, ხოლო სოციალური პროგრამის ბიუჯეტი 100%-ით იქნა ათვისებული
და ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღო 2 182-მა შეჭირვებულმა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე
ლეგიტიმურად მცხოვრებმა მოქალაქემ.
მეორე საკითხზე საუბრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა
დევნილთა საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე, სოციალური მომსახურების ხარისხის ამაღლებასა
და ბინების განაწილების ქულათა სისტემაზე, რაზეც დავით ფაცაციამ განაცხადა, რომ ცენტრალურ
ხელისუფლებასთან პარტნიორობით განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები
და ამჟამად მიმდინარეობს თბილისში გადასაცემ ფართებზე განაცხადებების განხილვა, ზუგდიდში
დაწყებულია ახალი ბინების მშენებლობა, 2026 წელს ასევე დაგეგმილია საცხოვრებელი ფართების
გადაცემა რუსთავში. უწყების მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება პირველი რიგის დევნილების
დაკმაყოფილება, რომლებმაც უშუალოდ განიცადეს დევნა და არ ფლობენ სხვა უძრავ ქონებას.
რაც შეეხება კითხვას მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების ან აღდგენის აუცილებლობაზე,
მინისტრმა განმარტა, რომ სამინისტროს ჩართულობით მომზადდა შესაბამისი სამართლებრივი
აქტების პროექტები, რომლებიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ უკვე ინიციირებული იყო
საქართველოს პარლამენტში, თუმცა ამ ეტაპზე არსებული სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე
პროექტის განხილვის პროცესი დროებით შეჩერებულია.
სხდომის მსვლელობისას დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს
და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის
მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა,
ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ,
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო
კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა,
ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ჯგუბურიამ, ფრაქციის ”მრგვალი მაგიდა-დიალოგი
ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, დეპუტატმა ელგუჯა გვაზავამ.
სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის
მოადგილე იგორ კოპალიანი, მინისტრის მრჩეველი რომან სულაბერიძე, ამავე სამინისტროს
სსიპ-,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს’’ დირექტორი ავთანდილ
ქარაია, ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ჯაყელი, ადმინისტრაციული დეპარტამენტის
უფროსი დავით ჭედია. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა აფხაზეთის მთავრობის აპარატის
უფროსი გიორგი სუთიძე.
მინისტრის მოსმენის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს
წევრებმა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს და მზადყოფნა გამოხატეს
შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
სხდომის მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან აღნიშნა, რომ იზიარებს კოლეგების მიერ გამოთქმულ
დადებით შეფასებებს. „ჩვენ საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი თუნდაც ის დამოკიდებულება
დევნილებისა სამინისტროს მიმართ, კონკრეტულად მინისტრის მიმართ და სამინისტროს დამოკიდებულება
დევნილების მიმართ“ — განაცხადა ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს
წარმოდგენილი ინფორმაციისთვის.
სხდომის დასასრულს უმაღლეს საბჭოში დაჯილდოების ცერემონია
გაიმართა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, საპატიო და მადლობის სიგელებით
დააჯილდოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, ხოლო უმაღლესი
საბჭოს აპარატის თანამშრომელს, განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უმაღლესი საბჭოს საპატიო
სიგელი და მედალი გადაეცა.
ჯემალ გამახარია გულთბილად მიესალმა დაჯილდოებულებს,
მადლობა გადაუხადა მათ გაწეული ღვაწლისთვის და თითოეული მათგანის დამსახურებაზე ისაუბრა,
ასევე დაჯილდოებულებს მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა გაწეული სამსახურისთვის
და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
საპატიო და მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ:
ვალერი ვეკუა ¬— აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი, სახელმწიფო
დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი, სახელმწიფო დაცვის სამსახურში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის,
უმაღლეს საბჭოსთან მიმართებით დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.
მამუკა გოგია — ადმინისტრაციული შენობების დაცვის განყოფილების უფროსი,
სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი, სახელმწიფო დაცვის სამსახურში ხანგრძლივი და ნაყოფიერი
მუშაობისთვის, უმაღლეს საბჭოსთან მიმართებით დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.
დავით გვრიტიშვილი — ადმინისტრაციული შენობების დაცვის განყოფილების უფროსის
მოადგილე, სახელმწიფო დაცვის სამსახურში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის, უმაღლეს
საბჭოსთან მიმართებით დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.
ლევან ფარცვანია — ოპერატიული და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების
II ქვეგანყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, სახელმწიფო დაცვის მაიორი, სახელმწიფო
დაცვის სამსახურში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის, უმაღლეს საბჭოსთან მიმართებით
დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.
გიორგი კვიციანი — ოპერატიული და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების
III ქვეგანყოფილების ოპერატიული თანამშრომელი, სახელმწიფო დაცვის კაპიტანი, სახელმწიფო
დაცვის სამსახურში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის, უმაღლეს საბჭოსთან მიმართებით
დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.
ლაშა კოკაია — აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს პირადი დაცვის
სამმართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირადი დაცვის განყოფილების III ცვლის დაცვის ოფიცერი,
სახელმწიფო დაცვის სამსახურში ნაყოფიერი მუშაობისთვის, უმაღლეს საბჭოსთან მიმართებით
დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.
უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და მედლით დაჯილდოვდა:
თემურ ურიდია — უმაღლესი საბჭოს საფინანსო უზრუნველყოფის, შესყიდვებისა
და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი, სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების პირნათლად,
მაღალკვალიფიციურად შესრულებისთვის, მაღალი პროფესიონალური უნარ-ჩვევებისა და უმაღლესი
საბჭოს საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.