მიმდინარე წლის 23 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიბელუა“-ს ხელმძღვანელი ქალბატონი ლეა-ამელა მანჯარიშინა მეუღლესთან ერთად ეწვია.

სტუმრებს უმასპინძლეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხტა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატმა ელგუჯა გვაზავამ, აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა წლების წინ განხორციელებულ ერთერთ საქველმოქმედო პროექტზე, რომლის ფარგლებში 800-მდე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდას მიეცა კ. სიცილიაზე ცხოვრების და სწავლის შესაძლებლობა. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელების, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პერსპექტივები.  

შეხვედრის დასასრულს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვების რეაბილიტაციასა და სოციალურ ადაპტაციაში, ასევე ქართულ-იტალიური მეგობრობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიბელუა“-ს ხელმძღვანელი ქალბატონი ლეა-ამელა მანჯარიშინა, ასევე ქ. პალერმოს ყოფილი მერი, ევროპარლამენტის წევრი ბატონი ლეო-ლუკა ორლანდო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლებით დაჯილდოვდნენ.

მედლები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წარმომადგენლებს გულთბილი მასპინძლობისათვის და გამოთქვეს იმედი, რომ მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.      

გალერეა

სხვა სიახლეები