მიმდინარე წლის 18 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე
საკითხი განიხილეს: თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარის თამაზ ხუბუას ქ. სენაკსა და ქ. ზუგდიდში მივლინების შედეგების შესახებ;
თავმჯდომარის მოადგილის, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა
საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის რუდიკ ცატავას ქ. ჯვარში მივლინების შედეგების შესახებ;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ
საკითხთა კომიტეტის ანგარიში 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
სხდომის დასაწყისში უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის
თანამშრომლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია
II-ის ხსოვნას.
თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ სამეგრელოს
რეგიონში მივლინების შედეგების შესახებ ისაუბრა. აღნიშნა, რომ 4 მარტს გაიმართა ნაყოფიერი
შეხვედრა სამედიცინო ცენტრ „ესკულაპი“-ს მფლობელთან ბორის იოსავასთან, რომლის დროს
მხარეებმა განიხილეს ქ. სენაკში სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის და მასში აფხაზეთიდან
დევნილი მედიცინის მუშაკების დასაქმების პერსპექტივები. შეხვედრაზე აგრეთვე აფხაზეთიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის პრობლემები მიმოიხილეს. თამაზ
ხუბუას თქმით, 5 მარტს ქ. ზუგდიდში ასევე გაიმართა საქმიანი შეხვედრა აფხაზეთის ა/რ
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის
ხელმძღვანელთან კონსტანტინე ბასარიასთან და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს
თანამემამულეებთან. შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთიდან დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე
მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის საკითხები.
თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ მოკლედ ისაუბრა
ქ. ჯვარში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტის
ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრების შესახებ. მისი თქმით, მხარეებმა ძირითადად
განიხილეს დევნილი მოსახლეობის დასაქმებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების
საკითხები.
პრეზიდიუმის დასრულების შემდეგ გაიხსნა პლენარული სხდომა,
რომელზეც ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ
საკითხთა კომიტეტის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.
კომიტეტის თავმჯდომარის ადა მარშანიას განცხადებით,
გასულ წელს საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა აფხაზეთის მთავრობიდან და
საქართველოს პარლამენტიდან შემოსულ კანონპროექტებზე მუშაობა, წინადადებების და დასკვნების
მომზადება. მიმდინარეობდა პერმანენტული შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილებთან, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან
როგორც ონლაინ, ისე პირადი შეხვედრების ფორმატში. ადა მარშანიას განცხადებით, საანგარიშო
პერიოდში კომიტეტმა გამართა 22 სხდომა, მომზადდა 112 წერილი როგორც ავტონომიური რესპუბლიკის,
ისე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა უწყების სახელზე. მიმდინარეობდა
სისტემატიური და მჭიდრო თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და
სხვა.
გაიმართა საქმიანი დისკუსია. მოსაზრებები გამოთქვეს
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა
- დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, დეპუტატებმა
ზურაბ ჯგუბურიამ, ელგუჯა გვაზავამ.
კოლეგებმა დადებითად შეაფასეს კომიტეტის საქმიანობა,
მადლობა გადაუხადეს ადა მარშანიას წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და გამოთქვეს იმედი,
რომ მსგავსი საქმიანობა გაგრძელდება.