მიმდინარე წლის 11 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა. სხდომებს უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

პრეზიდიუმის სხდომაზე მოკლე ინფორმაციით წარსდგა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებისა და კოდებს  შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტის თაობაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტებმა და ფრაქციებმა თავიანთი შენიშვნები და წინადადებები უნდა წარმოადგინონ ასეთის არსებობის შემთხვევაში კვირის ბოლომდე, იმისათვის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გაეგზავნოს შეჯერებული პასუხი.

საკითხის განხილვის შემდეგ პრეზიდიუმმა ცნობად მიიღო აღნიშნული ინფორმაცია.

პლენარულ სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ანგარიში 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ წარმოადგინა. მან ისაუბრა რა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე განაცხადა, რომ კომიტეტის მუშაობაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალური, წლიური შესრულებების, საქართველოს პარლამენტიდან, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობებიდან, მათი ქვემდებარე სტრუქტურებიდან შემოსული ოფიციალური დოკუმენტებისა და კანონპროექტების მოთხოვნათა გათვალისწინებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მართვის აქტუალურ თემებს. მნიშვნელოვანი მუშაობა ჩატარდა ანგარიშვალდებული დაწესებულებების სხვადასხვა სახის ანგარიშებისა და კანონპროექტების, ასევე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კონტროლის თვალსაზრისით. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2025 წლის განმავლობაში ჩაატარა 20 სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა 30 საკითხი. მათ შორის: აფხაზეთის დევნილი სახელისუფლებო  სტრუქტურების მიერ ინიცირებული 11 კანონპროექტი. განხილული საკითხებიდან კომიტეტი წამყვანი იყო 21 საკითხზე, ხოლო აღნიშნულ პერიოდში განხილვა ჩატარდა 6 სავალდებულო საკითხზე. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ორივე სასესიო პერიოდისათვის შემუშავებული და კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული ჰქონდა კომიტეტის სამოქმედო პროგრამები, რომელშიც მაქსიმალურად აისახა საქმიანობის ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მუშა ორგანოს.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს წევრები თამაზ ხუბუა,  ვახტანგ ყოლბაია, ზურაბ ჯგუბურია, თეიმურაზ მჟავია, ადა მარშანია, ანზორ წოწონავა.

მოსაზრებებისა და წინადადებების მოსმენის შემდგემ დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს თამაზ ხუბუას წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასეს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

გალერეა

სხვა სიახლეები