მიმდინარე
წლის 15 აპრილს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის
და პლენარული სხდომები. დეპუტატებმა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ
2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.
სხდომებს
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
კოლეგების
წინაშე მოხსენებით კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია წარსდგა. მომხსენებელმა ისაუბრა
რა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში
კომიტეტი ხელმძღვანელობდა საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით,
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით, კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობდა საქართველოს საკანონმდებლო
და აღმასრულებელ უწყებებთან, მონაწილეობდა მაკონტროლებელ საქმიანობაში.
ვახტანგ
ყოლბაიას განცხადებით, საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა ჩაატარა 25 სხდომა და განიხილა
43 საკითხი. კომიტეტის მიერ ინიციირებული იყო 5 კანონპროექტი, მათ შორის მინისტრის
საათის გაუქმების და ინტერპელაციის წესის უფრო მეტად დატვირთვის, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის, რომელიც ითვალისწინებს რესპუბლიკური
ბიუჯეტის 9 თვის შედეგების განხილვას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, გასული წლის მარტში ოკუპირებულ
აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შეფასების შესახებ და სხვა.
ვახტანგ
ყოლბაიას თქმით, კომიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობდა უმაღლესი საბჭოს სხვა კომიტეტებთან
და ფრაქციებთან საკანონმდებლო აქტების დამუშავების თუ სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.
კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობა ჰქონდა ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი სტრუქტურის
უწყებებთან. აღინიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტთან ერთად დამუშავდა
აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის ინიციატივით შემოსული კანონპროექტი, რომელიც შეეხება
ვეტერანებისთვის და ომის მონაწილეებისთვის შეღავათების გაზრდას, კერძოდ: მოქმედი კანონმდებლობით,
კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი - 3 000 ლარამდე არ იბეგრება,
წარმოდგენილი რედაქციით კი აღნიშნული შეღავათი შესაძლოა გაიზარდოს 6000-დან 9000-ს
ლარამდე. კანონპროექტი უკვე გადაგზავნილია საქართველოს პარლამენტის შესაბამისს კომიტეტში.
აგრეთვე დამუშავდა სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ
კანონპროექტი.
აქტიური
კონსულტაციები მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სტაჟის დადგენის
საკითხის ირგვლივ. საქმიანი კონსულტაციები მიიღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა
ჩვენმა თანამემამულეებმა და ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულმა პირებმაც საქართველოს
მოქალაქეობის მინიჭებასთან/აღდგენასთან დაკავშირებით, აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.
ვახტანგ
ყოლბაიამ ასევე მოკლედ ისაუბრა უმაღლესს საბჭოსთან არსებული ფონდის - „სოციალური სოლიდარობისთვის“
საქველმოქმედო აქციის შესახებ, რომლის ფარგლებმი მიმდინარე წლის 8 აპრილს და მომდევნი
დღეებში თბილისში, ქუთაისში, მარტვილსა და ჩხოროწყუში მცხოვრებ აფხაზეთიდან 300-ზე
მეტ დევნილ ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გაეწია. მიმოიხილა დევნილთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით ჩატარებული ღონისძიებების შედეგები. აღნიშნა, რომ
ჰუმანიტარული აქცია ხორციელდება უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისა და თანამშრომლების მიერ
შემოწირული თანხებით. მან მადლობა გადაუხადა ამ საქმიანობაში მონაწილე თითოეულ თანამშრომელს
და იმ ადამიანებს ვინც უშუალოდ ჩართულია ტვირთების დევნილ ოჯახებამდე მიტანაში. ყურადღება
გაამახვილა საქველმოქმედო ღონისძიებების მნიშვნელობაზე, მათ საჭიროებაზე დევნილთათვის.
გაიმართა
საქმიანი დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია,
თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა, ფრაქცია
”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავა,
დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია. გამოითქვა მოსაზრებები და წინადადებები, რომელთა მოსმენის
შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს ვახტანგ ყოლბაიას წარმოდგენილი
ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასეს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა.