მიმდინარე წლის 21 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა ავთანდილ ჯორბენაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
უნდა აღინიშნოს, რომ ავთანდილ ჯორბენაძეს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და მედალი გარდაცვალებამდე მიენიჭა, ხოლო ოჯახს აღნიშნული ჯილდოები დღეს გადაეცა.
ავთანდილ ჯორბენაძის ოჯახის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან გაიხსენა მისი მირვაწეობის წლები, გაწეული ღვაწლი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის საქმეში.
სიტყვით გამოვიდნენ და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის“ პრეზიდენტი დალილა ხორავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, ავთანდილ ჯორბენაძის შვილი რევაზ ჯორბენაძე.
გამომსვლელებმა გაიხსენეს ავთანდილ ჯორბენაძის ცხოვრების და მოღვაწეობის საინტერესო მომენტები, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, როგორც აფხაზეთის კონფლიქტის, ისე შემდგომ პერიოდში.
ღონისძიების დასასრულს, ჯემალ გამახარიამ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და მედალი ავთანდილ ჯორბენაძის მეუღლეს ქალბატონ ნინო ვეფხვაძეს გადასცა.