მიმდინარე წლის 20 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის პლენარული სხდომები ჩატარდა. სხდომებს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის გიორგი ძიგუას ინტერპელაციის წესით მოსმენის შესახებ“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე“.
მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების მონაცემთა ბაზის, აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების, მდ. ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთისას არსებული სირთულეების შესახებ და სხვა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი ვალდებულია საკითხის განხილვის პროცესში გაიაროს შესაბამისი პროცედურები ქართული ან აფხაზური ენის, აგრეთვე, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესაფასებლად. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო ახორციელებს საპილოტე პროექტს - „საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებელი ტესტირებისათვის მოსამზადებელი კურსი“, რომელიც ხელს შეუწყობს საჭირო ცოდნის ამაღლებაში იმ პირებისთვის და მათი შთამომავლებისთვის, ვინც 1992-1993 წლებში აფხაზეთში განვითარებული ცნობილი მოვლენების დროს იძულებული იყო დაეტოვებინა საქართველო და მიეღოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. გიორგი ძიგუამ ასევე აღნიშნა, რომ ენგურის ხიდთან ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, ოფიციალურად სამინისტროში მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობა არ ფიქსირდება, თუმცა სამინისტრო საჭიროების შემთხვევაში, მზადყოფნას გამოთქვამს მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. მინისტრმა ასევე ისაუბრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტზე, რომელიც ხელს უწყობს აფხაზეთიდან დევნილ ქალ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. მისი თქმით, ამჟამად საქართველოს პენიტენციურ სისტემაში - 14 აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი იხდის სასჯელს. მინისტრმა აგრეთვე მოკლედ ისაუბრა ოკუპირებული გალის რაიონში შექმნილ მძიმე დემოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
პლენარულმა სხდომამ ასევე განიხილა 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის კანონში ცვლილების და დამატებების შეტანის საკითხი. წინადადებებისა და რეკომენდაციების მოსმენის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებებს.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები თამაზ ხუბუა, რუდიკ ცატავა, ვახტანგ ყოლბაია, ზურაბ ჯგუბურია, ელგუჯა გვაზავა, ანზორ წოწონავა, თემურ მჟავია.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი გიორგი ძიგუა, პირველი მოადგილე ნოდარ ჯალაღონია, მოადგილე თემურ გასვიანი, იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი მაია შამუგია, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.
სხდომა ნაწილობრივ
დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.