მიმდინარე წლის 20 მაისს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა უძღვებოდა.

კომიტეტის სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები „აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023-2024 წლიბის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გამოყენების ეფექტიანობის შესახებ“ და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე“.

აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ 2023-2024 წლიბის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გამოყენების ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციით, ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე წარსდგა. მან მოკლედ ისაუბრა ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ტექნოლოგიური აღჭურვისათვის ჩატარებულ ღონისძიებებზე, საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრისათვის დამატებით საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფის შესაძლებლობებზე, მიმდინარე პროექტებზე, დევნილი სახელისუფლებო უწყებების ყოველდღიური საქმიანობის გაშუქების უზრუნველყოფაზე. ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ტელევიზიის შესაძლო აღდგენის მნიშვნელობაზე და კონფლიქტთან დაკავშირებით ქართული და საერთაშორისო მედიის სუბიექტებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ მადლობა გადაუხადა ეკა წივწივაძეს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და ხაზგასმით აღნიშნა ცენტრის საქმიანობის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ აფხაზეთის პრობლემის საინფორმაციო უზრუნველყოფის ეფექტიანობის ამაღლების საქმეში.  

სხდომის მეორე ნაწილი 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილების და დამატებების შეტანის საკითხს დაეთმო.

კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლაშა დოლბაძემ. მან მოკლედ ისაუბრა იმ ძირითად ცვლილებებზე, რომელსაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, ხოლო საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ნოე ქაშიბაძემ, დეპუტატებს წარმოდგენილი კანონის პროექტის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა წარუდგინა.

აღინიშნა, რომ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა განაპირობა აფხაზეთის მთავრობის მიერ 2024-2025 წლებში მიღებულმა №31, №42, №5, №3, №11, №12 დადგენილებებმა, რომელთა შესაბამისად აღმასრულებელ სტრუქტურებში განხორციელდა რეორგანიზაციისა და საკადრო ოპტიმიზაციის ღონისძიებები. ასევე განისაზღვრა დამატებები რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების რიგ პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე, რომლის მოცულობამ შეადგინა 4.800.592 ლარი (+402.000 ლარი).

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონის პროექტში მკაფიოდ არის მითითებული რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების ქვემდებარე პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე წარმოდგენილი ცვლილებებით განსაზღვრული ასიგნებების დელეგირების მიზნობრიობა, მოსალოდნელი შედეგების გამჭვირვალობა, რაც შესაძლებელს ხდის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობის მისაღწევად მიმდინარე საქმიანობის სისტემატურ კონტროლს.  

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე ბეჟან ნემსაძე, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ელისო ხუტკუბია,  აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის საფინანსო სამსახურის უფროსი ლილი კილაბერია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, მოადგილე დავით ჟვანია, აპარატის პასუხისმგებელი პირები.     



გალერეა