2026 წლის 6 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მეცამეტე გადაწყვეტილება მიიღო.
ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
გადაწყვეტილება აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და აგრძელებს უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში, წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ მიესალმებიან ევროპის საბჭოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა 2023 წლის 16-17 მაისის მე-4 ისტორიული სამიტის დეკლარაციას, რომლითაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიიდან ძალების დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაყვანისკენ.
6 მაისის გადაწყვეტილებით, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები მიესალმებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს საქართველოს სახელმწიფოთაშორის დავებში რუსეთის წინააღმდეგ, რომლითაც დადგინდა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის პერიოდში და დასტურდება რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ აფხაზეთზე, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომამდე.
გადაწყვეტილება მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო, 2025 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) საქმეზე რუსეთის ფედერაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.
აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება უცვლელად მიიღება 2014 წლიდან. გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტს, რომელიც ასახავს ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის მკაფიო პოზიციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.