“კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” მოქმედებს და იმოქმედებს, სანამ აფხაზეთი დეოკუპირებული არ იქნება” – ასე ეხმაურება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ოლეგ ბარციცის განცხადებას, რომლის თანახმადაც, “საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ უნდა გააუქმოს.”

როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ბარციცის განცხადების პირველი წინადადება არის ტყუილი, სხვა დანარჩენი კი მორიგი სისულელე.

“კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” 2008 წლის 23 ოქტომბერსაა მიღებული.

ამ დღიდან მოყოლებული ეს მოთხოვნა გვესმის. როცა ისინი საქართველოზე და საქართველოსთან ურთიერთობაზე საუბრობდნენ, უპირველეს ყოვლისა, ახსენებდნენ იმას, რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს.

ახალმა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა თავისი განცხადება ძალიან დიდი ტყუილით დაიწყო. მისი განცხადების პირველი სიტყვები ასეთია: “საქართველოს ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადებები, რომ მას სურს, დაალაგოს ურთიერთობები თავის მეზობლებთან – აფხაზებთან, სამხრეთ ოსებთან და რუსეთთან”. საქართველოს ხელმძღვანელობას ასეთი განცხადება არასდროს გაუკეთებია და არც არასოდეს გააკეთებს. ეს პირველი წინადადება არის ტყუილი და მერე ყველაფერი დანარჩენი მორიგი სისულელე, რაც, სამწუხაროდ, დე ფაქტო ხელისუფლებიდან გვესმის. იქ ზოგიერთებს დღემდე ჰგონიათ, რომ მართლა რაღაც სახელმწიფოს წარმოადგენენ და აქედან გამომდინარე, მსგავს განცხადებებს აკეთებენ. ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

 კანონი მოქმედებს და იმოქმედებს, სანამ აფხაზეთი დეოკუპირებული არ იქნება” – განაცხადა გამახარიამ.


Kvira.ge



სხვა სიახლეები