23 აპრილს
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა, რომელზეც რეგლამენტის
თანახმად, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის
მინისტრს ლაშა დოლბაძეს მოუსმინეს.
სხდომებს
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
მინისტრმა
ლაშა დოლბაძემ პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ
შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა დევნილი მოსახლეობისთვის მატერიალური დახმარების პროგრამის
მოცულობის გაზრდის მიზნით შესაბამისი სახსრების მობილიზაციას, რესურსების განსაზღვრას
და საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების, დევნილ სახელისუფლებო სტრუქტურებზე განპიროვნებული
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკის რადიკალურად განახლების აუცილებლობას, რაც მითითებული ორგანოების ყოველდღიური საქმიანობის
ეფექტიანობაზე შესამჩნევ გავლენას ახდენს.
პირველ საკითხთან
დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ბიუჯეტის ცვლილების
პროექტზე, სადაც შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული დევნილი მოსახლეობის
სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. ცვლილებების თანახმად გათვალისწინებულია
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის პროგრამების სახით 480 ათასი ლარის
დამატება. მან დეტალურად ისაუბრა ამ თანხის გადანაწილების მიმართულებებზე, როგორიცაა
ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაცია, მაღალტექნოლოგიური კვლევები, დიაგნოსტიკისა და
სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება, საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო
მომსახურების ანაზღაურება, რეფერალური მომსახურების თანადაფინანსება და სხვა. პროექტით ასევე განსაზღვრულია სხვადასხვა
სამინისტროებისა და უწყებებისთვის თანხების დამატება, პროგრამებისა და ქვეპროგრამების
დაფინანსების გაზრდა დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით.
მეორე საკითხთან
დაკავშირებით ბატონმა ლაშა დოლბაძემ აღნიშნა, რომ პრობლემის გადაჭრის მიზნით საჭიროა
შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის,
ბატონი ლევან მგალობლიშვილის აქტიური ჩართულობით, საქართველოს პარლამენტის მხრიდან
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობას უსასყიდლოდ გადაეცა10 ერთეული ავტომანქანა.
სამორიგეო ავტომანქანებზე დამონტაჟდა ჯიპიეს სისტემები, რამაც საწვავის ხარჯვითი ნაწილი
15% -ით შეამცირა. „პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს სწორედ იმ უწყებების საჭიროებები,
რომელთა მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები აფხაზეთიდან დროებით
დევნილი ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.“
- აღნიშნა მინისტრმა.
სხდომის
მსვლელობისას დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის
მოადგილემ რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ
ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ
ნუგზარ მგალობლიშვილმა, ფრაქციის ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარემ რაისა
ქარაიამ, ფრაქციის ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ
ანზორ წოწონავამ, დეპუტატმა ელგუჯა გვაზავამ.
სხდომის
დასასრულს მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ
ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს და მთლიანად უწყებას წარმოდგენილი
ინფორმაციისთვის.
სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.