14 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალური-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის ანგარიში 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ და „უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ადა მარშანიას ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე მივლინების შედეგების  შეასახებ.“

კომიტეტის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ კოლეგების წინაშე მოხსენებით წარსდგა სოციალური-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.  მან ისაუბრა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მიზნებსა და ამოცანებზე, კერძოდ აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ოჯახის განვითარების, მოხუცთა, ვეტერანთა და შშმ პირთა საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობის, კომიტეტისა და სამინისტროების კოორდინირებულ მუშაობაზე სხვადასხვა საკითხთა გადასაჭრელად გასული 2024 წლის განმავლობაში და სხვა საკითხების შესახებ. აღინიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში, კომიტეტისა და მისი აპარატის მონაწილეობით კანონპროექტების განხილვისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით წინადადებებისა და დასკვნების შემუშავებასა და წარდგენაში. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ ჩატარდა 34 სხდომა; კომიტეტმა განიხილა 43 საკითხი; შეიმუშავა 26 დასკვნა; განიხილა 5 საკანონმდებლო ინიციატივა; ჩატარდა 64 სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებთან, სხვადასხვა პროფილურ სამინისტროს ხელმძღვანელებთან და მათ დაქვემდებარებულ საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან;  კომიტეტმა განიხილა 150 წერილობითი და ზეპირი განცხადება; განხორციელდა რეაგირება კომიტეტში შემოსულ 82 კორესპონდენციაზე; გაეწია წერილობითი და ზეპირი შუამდგომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთის უწყებებში 140-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ პირს და ა.შ.

გამომსვლელმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში სოციალური-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანის პროცედურებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ შემდგომ სრულ პატრონაჟში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივი საქმიანობის შედეგად შესაძლებელი გახდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო ანაზღაურება და რეფერალური მომსახურების თანადაფინანსება, ექიმებისა და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადება და სხვა ღონისძიებების განხორციელება.

სხდომაზე შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა ზურაბ ჯგუბურიამ,  თეიმურაზ მჟავიამ, ანზორ წოწონავამ, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. მათ დადებითად შეაფასეს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის აპარატის და მისი თავმჯდომარის რუდიკ ცატავას მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. აღინიშნა კომიტეტის მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი სამუშაო, დეტალური ანალიზი. გამოითქვა საქმიანი რეკომენდაციები და წინადადებები.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა კომიტეტის თავმჯდომარეს გაწეული საქმიანობისთვის, დევნილებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენი თანამემამულეების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარებისათვის.

პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ადა მარშანიას ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე მივლინების შედეგების შესახებ ინფორმაცია, სადაც ის იმყოფებოდა 9-12 აპრილს ნიდერლანდებში მცხოვრები თინათინ სვანიძე-ვენკოს მიწვევით. ადა მარშანია 9 აპრილს, ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წლის აჯანყებისას გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალს დაესწრო. კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა. ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილია ქვაზე ამოტვიფრული 481 გმირულად დაღუპული მეომრის სახელი და გვარი, რომელთა საფლავებიც აქ არის, თუმცა არა ყველა მათგანის, მათ შორის არიან მეომრები აფხაზეთიდან. კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ სიტყვით მიმართა მონუმენტის გახსნის ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას, რომელსაც ესწრებოდნენ  ტექსელის მერიის, ნიდერლანდების თავდაცვისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროების, ადგილობრივი მოსახლეობისა და საქართველოს წარმომადგენლები.

კუნძულ ტექსელზე, ქართველთა სასაფლაოზე მონუმენტის აღმართვის იდეის ავტორი, ფინანსური მხარდამჭერი და ღონისძიების ორგანიზატორი ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველი მეწარმე და კულტურის ქომაგი, ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” პრეზიდენტი, თინათინ სვანიძე-ვენკოა, რომელსაც იდეის განხორციელებაში, მხარი დაუჭირა ტექსელის მერიამ, ნიდერლანდების თავდაცვისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროებმა.

ვიზიტის შედეგები მოიწონეს და თავისი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, დეპუტატებმა თემურ მჟავიამ, ზურაბ ჯგუბურიამ.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

 

გალერეა