მიმდინარე წლის 10 აპრილს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი გიორგი ძიგუა, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია, აპარატის პასუხისმგებელი პირები.

მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის სამ ძირითად მიმართულებაზე: პოლიტიკური - ოკუპაციის შედეგად გახლეჩილ ქართულ-აფხაზურ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის; სოციალურ-ეკონომიკური - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დაცვა; და, ინსტიტუციური - ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი უწყებების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა.

ლევან მგალობლიშვილმა მოკლედ ისაუბრა მთავრობის აღმასრულებელი უწყებების მიერ ჩატარებული ღონისძიებებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ზემოხსენებული მიმართულებებით. ხაზი გაუსვა ოკუპირებული გალის რაიონში ამჟამად მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის გაწეული ჯანდაცვითი, სოციალური თუ სხვა სახის დახმარების შესახებ. აღნიშნა, რომ 2025 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შემუშავებისას, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხები ბენეფიციართა საჭიროებაზე გადანაწილდება.  

მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა მთავრობის პოლიტიკას ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის მიმართულებით, ბიუჯეტის დაგეგმვას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ენაზე განათლების აკრძალვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, აფხაზეთის ტელევიზიის შესაძლო აღდგენის, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საცხოვრისებით უზრუნველყოფის საკითხებს და სხვა.   

გაიმართა საქმიანი დისკუსია. აქტუალური საკითხების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, მოადგილემ რუდიკ ცატავამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ  ნუგზარ მგალობლიშვილმა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, დეპუტატებმა ელგუჯა გვაზავამ და ზურაბ ჯგუბურიამ. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს მთავრობის მიღწევებს, გამოითქვა რეკომენდაციები და კრიტიკული შენიშვნებიც.

ლევან მგალობლიშვილმა მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს წევრებს და დადებითად შეაფასა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოს შორის თანამშრომლობის განვითარების დინამიკა, იმედი გამოთქვა, რომ ერთიანი ძალისხმევით დასახული მიზნები შესრულდება.

სხდომის შედეგები შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა ლევან მგალობლიშვილს წარმოდგენილი მოხსენებისთვის, ამასთან დადებითად შეაფასა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა. გაიზიარა კოლეგების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და წინადადებები, რომლებიც მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს და იქვე აღნიშნა, რომ პრიორიტეტები არის სწორად განსაღვრული. „მართალია ყველა პრობლემის მოგვარება სწრაფად ვერ ხერხდება, თუმცა აშკარაა წინსვლა. ამ მიმართულებით მუშაობა და ძალისხმევა უნდა გაორმაგდეს“ - აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.  

გალერეა