საქართველოს სახელმწიფოებრიობის მრავალათასწლოვანი ისტორია ეს არის სხვადასხვა იმპერიების ბატონობისგან თუ გავლენებისგან განთავისუფლებისთვის პერმანენტული ბრძოლების, მასთან დაკავშირებული ტრაგედიებისა და გამარჯვებების გმირული ისტორია. 1989 და 1991 წლების 9 აპრილიც დიდი ტრაგედიისა და კიდევ უფრო დიდი გამარჯვების დღეა - უფრო დიდი გამარჯვების იმიტომ, რომ 1991 წლის 9 აპრილს, როგორც ზვიად გამსახურდიამ იმ დღეს ბრძანა, აღსრულდა 1989 წლის 9 აპრილს დაცემულთა ნებაც - ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით,. აღსდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს განსაკუთრებული სამართლებრივი და, თუ გნებავთ, ემოციური დადამოკიდებულება აქვს 9 აპრილის ისტორიული დღის მიმართ. მის თითოეულ წევრს და თანამშრომელთა გარკვეულ ნაწილს თავისი მოკრძალებული წვლილი აქვს შეტანილი ამ დიდი გამარჯვების მოპოვებაში. უმაღლესი საბჭოს ხუთი წევრი კი, რომლებიც იმავდროულად საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებიც იყვნენ, ხელს აწერს საქართველოს უმთავრეს, № 1 დოკუმენტზე - დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება-განმტკიცებისთვის ბრძოლა, რომელიც ქვეყნის მთლიანობის აღდგენასაც გულისხმობს, კვლავაც გრძელდება. თანამედროვე უკიდურესად რთულ, ფუნდამენტური გეოპოლიტიკური ცვლილებების ეტაპზე, როდესაც საერთაშორისო სამართალი ფაქტობრივად ძალის სამართალმა ჩაანაცვლა, ეს ბრძოლა გადის მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე. თითოეული ჭეშმარიტად პატრიოტის უპირველესი ვალია, განურჩავლად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, მხარი დაუჭიროს ქვეყნისთვის ამ საციცოცხლოდ მნიშვნელოვან ბრძოლას.
ვულოცავ სრულიად საქართველოს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და იქ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს სახელმწიფობრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. გისურვებთ მშვიდობას და ქვეყნის გამთლიანებას.
პატივისცემით,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ჯემალ გამახარია