15 მარტს “გლობალური განათლების სამიტი - თბილისი 2025“ ჩატარდა. ღონისძიება საერთაშორისო ორგანიზაცია - “განსაკუთრებული ზრუნვა განათლებაზე“ (AKS) ორგანიზებითა და მხარდაჭერით განხორციელდა. სამიტზე განიხილეს ჰიბრიდული, სინქრონული და ასინქრონული დისტანციური განათლების პერსპექტივები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დელეგატები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან, ლიბანიდან.

სამიტის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს ესოდენ უმნიშვნელოვანესი სფეროს  მხარდაჭერისთვის. ყურადღება გაამახვილა ციფრული ტექნოლოგიების მზარდ მნიშვნელობაზე განათლების სფეროს განვითარების ფონზე. მიმართვის დასასრულს, ჯემალ გამახარიამ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლებასთან დაკავშირებული პრობლემებით არაერთგზის დაინტერესებისთვის, საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციას “განსაკუთრებული ზრუნვა განათლებაზე“ (AKS), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო - „საპატიო სიგელი“ გადასცა.   

სამიტის წამყვანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ თავის მოხსენებაში - „ლიდერობა განათლებაში, ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნა“, ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების მიმართულებით ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობაზე. ნანა კვარაცხელიამ დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონდებლო საქმიანობა.  

პანელური დისკუსიის დროს გაიმართა მსჯელობა, თუ რამდენად შესაძლებელია ტრადიციული სწავლების მეთოდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ბალანსის დაცვა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რათა მოხდეს ჰიბრიდული მეთოდოლოგიის წარმატებული გამოყენება.  

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ საპატიო ჯილდოები.

 

გალერეა

სხვა სიახლეები