აფხაზეთის ომის დროს, სოფელ კამანში მომხდარი ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლებმა კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინებით შეამკეს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და აპარატის თანამშრომლები, აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები და ვეტერანები.

მემორიალთან ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1993 წლის 5 ივლისს აფხაზი სეპარატისტების რაზმებმა, რომელთა შემადგენლობაშიც რუსი „ბოევიკები“ და კაზაკები შედიოდნენ სოფელ კამანზე ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს. ქართველები იერიშებს ღირსეულად იგერიებდნენ, თუმცა თავგანწირვის მიუხედავად არათანაბარი ბრძოლა საბოლოოდ კამანის აღებით დასრულდა. სოფლის დაკავებას მალევე მოჰყვა სამოქალაქო მოსახლეობის მასიური წამება და ხოცვა-ჟლეტა.

კამანის ტრაგედიის დღეს, სეპარატისტებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია (ყურაშვილი) და აფხაზი საზოგადო მოღვაწე იური (გიორგი) ანუა დახვრიტეს, რომლებიც კამანის ეკლესიის გალავანთან არიან დაკრძალული.



გალერეა

სხვა სიახლეები