მიმდინარე წლის 13 მაისს ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა დღის წესრიგით — ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ“.

სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა; ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ მჟავია; აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია; საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი; იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია; ფრაქცია „ახალი აფხაზეთი  — სამართლიანობის“ თავმჯდომარე რაისა ქარაია; ფრაქცია „მრგვალი მაგიდა — დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის“ თავმჯდომარე ანზორ წოწონავა და დეპუტატები: ეთერ ასტემიროვა და მურმან კვარაცხელია.

სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია. მან სხდომის მონაწილეებს გააცნო უწყებების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანალიზი. მომხსენებელმა აღნიშნულთან ერთად ისაუბრა ახალი პროექტის — წყნეთში დევნილთა ახალი პოლიკლინიკის მშენებლობის შესახებ. სხდომას ასევე ესწრებოდა ამავე სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი ირმა ცაცუა.

წარმოდგენილი ანგარიშის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა: თამაზ ხუბუამ, ადა მარშანიამ და ანზორ წოწონავამ.

სხდომა შეაჯამა სხდომის თავმჯდომარემ — სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ,  ბატონმა რუდიკ ცატავამ. 

ერთობლივი სხდომის მონაწილეებმა ცნობად მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ“ და გასცეს რეკომენდაცია აღნიშნული საკითხის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად გასატანად.

გალერეა