10 ივნისს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები ჩატარდა. სხდომებს უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. რეგისტრაციაში გატარდა 18 დეპუტატი, ერთმა (თ.მჟავიამ) სხდომა დატოვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძის კანდიდატურა, რომელმაც, თავის მხრივ, უმაღლეს საბჭოს წევრებს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარუდგინა.

პროგრამის გარშემო გაიმართა დისკუსია, რომელშიც  მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ჯგუბურიამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მურმან კავარაცხელიამ.

პლენარულს სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცა გიორგი ჯინჭარაძე. დამტკიცდა ასევე აფხაზეთის მთავრობა  შემდეგი შემადგენლობით:

ანზორ მარგიანი - მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ღვაჩლიანი - აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ლაშა ქარდავა - აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ლაშა დოლბაძე - აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დავით ფაცაცია - აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, გიორგი ძიგუა - იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი.   

ახლად დამტკიცებულმა მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ აქტიური თანამშრომლობით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შეძლებენ.  


 

გალერეა

სხვა სიახლეები