მიმდინარე წლის 29 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.  

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თენგიზ ნასარიძის ინტერპელაციის წესით მოსმენის შესახებ.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე.

მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის აპარატებში თანამშრომელთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების საკითხს; რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსებული სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების მიერ კანონმდებლობით ნებადართული სხვა (საკუთარი) შემოსავლების გაზრდის მიზნით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს; შ.პ.ს. „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის“ თანამშრომლების მიერ 2020 წელს კოვიდ-პანდემიის პირობებში გაწეული შრომის ანაზღაურებას. 

პირველ საკითხთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ბატონი გიორგი ჯინჭარაძის დანიშვნის შემდეგ, გამოკვეთილ პრიორიტეტად ჩამოყალიბდა საბიუჯეტო ხარჯებში ადმინისტრაციულ და პროგრამულ კომპონენტებში არსებული დისბალანსის შემცირება. კერძოდ, 2025 წლის დამტკიცებულ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების წილი შეადგენდა 75%, რომელიც სამთავრობო გუნდის პირობებში განუხრელად მცირდებოდა ბიუჯეტის დაზუსტებისა და ახალი 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, ხოლო ბოლოს წარდგენილი დაზუსტებული ბიუჯეტის პროექტით დაყვანილია 61%-მდე. შესაბამისად, ყოველი ისეთი ინიციატივა, რომელიც იწვევს ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას, საჭიროებს განსაკუთრებით მყარ არგუმენტაციას და საფუძვლიან დასაბუთებას, განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ფისკალური ადმინისტრირებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების მიმართულებით ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ  აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2026 წლის 26 მარტის N12 დადგენილებით დამტკიცდა რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი, რითაც ასევე განისაზღვრა სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტის დაზუსტებისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, მათ შორის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში, რაც ხელს უწყობს მეტი ანგარიშვალდებულების ჩამოყალიბებას სსიპ-ებს/ა(აი)პ-ებს, მხარჯავ დაწესებულებებსა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის.

თენგიზ ნასარიძე შეეხო იურიდიული პირების შემოსავლების საკითხს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენენ სახელოვნებო-შემოქმედებით კოლექტივებს. მათი საქმიანობის უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალ ხარისხობრივი კულტურული პროდუქტის შექმნა, ისინი მაქსიმალურად უწყობენ ხელს კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობის მეშვეობით აფხაზეთთან დაკავშირებული თემატიკის გავრცელებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, რითაც განუზომელი წვლილი შეაქვთ კულტურათა შორის დიალოგის საქმეში, დასძინა მინისტრმა.

მინისტრმა მოკლედ ისაუბრა შ.პ.ს. „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის“ თანამშრომლების მიერ 2020 წელს კოვიდ-პანდემიის პირობებში გაწეული შრომის ანაზღაურების შესახებ. მისი განცხადებით, შ.პ.ს. „სამედიცინო ცენტრი დიომედის“ მართვასა და სახელმწიფო კონტროლს უზრუნველყოფს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ამ ეტაპზე ზემოთხსენებული სამინისტროსგან აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ შემოსულა არანაირი ინფორმაცია შ.პ.ს. „სამედიცინო ცენტრი დიომედის“ (შ.პ.ს. „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის“ სამართალმემკვიდრე) მხრიდან 2020 წლის სახელფასო დავალიანების შესახებ, აღნიშნა თ. ნასარიძემ.

სხდომის მსვლელობისას დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, ფრაქცია „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ. 

სხდომის მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს ამომწურავი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასა ინტერპელაციის წესით მისი მოსმენა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების მხარდაჭერისა და აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.   

 

გალერეა

სხვა სიახლეები