მიმდინარე
წლის 25 ივნისს, თბილისში, პროფკავშირების სასახლეში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური
კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა შედგა.
შეხვედრას
უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო კომისია,
კომისიის თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას ხელმძღვანელობით.
ღონისძიებაზე
კომისიის წევრმა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ
ყოლბაიამ ხაზი გაუსვა კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვის პროცედურის თავისებურებებს,
დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო აღნიშნული კანონპროექტები და ვრცლად ისაუბრა
იმ გარემოებებზე, თუ რამ გამოიწვია საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება.
საზოგადოებას
განსახილველად წარედგინა უმაღლეს საბჭოში რეგისტრირებული ორი საკონსტიტუციო ინიციატივა:
1. მთავრობის
მიერ დაინიცირებული კანონის პროექტი, რომელიც აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურაში მთავრობის
თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას ითვალისწინებს.
2. უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ წარმოდგენილი კანონის
პროექტი, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ერთი მოადგილის შტატის დაშვებას გულისხმობს.
წარმოდგენილ
სამართლებრივ მოდელებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ
ხუბუამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა
ვეფხვია გვარამიამ და აფხაზეთის პროფგაერთიანების თავმჯდომარემ თამარ ვეფხვაძემ.
ხაზგასასმელია,
რომ წარმოდგენილი კანონპროექტების მიმართ, დამსწრე საზოგადოებამ გამოხატა მხარდაჭერა, რისთვისაც ჯემალ გამახარიამ მათ მადლობა გადაუხადა და აქვე აღნიშნა, რომ განხილვებისას წარმოყენებული
წინადადების მიხედვით უმაღლესი საბჭოს კანონპროექტი ძალაში 2026 წლის 9 სექტემბრიდან
შევა, ხოლო მთავრობის კანონპროექტი — გამოქვეყნებისთანავე.
ამრიგად, განხილვების პროცესში გამოთქმული წინადადებების თანახმად უმაღლესი საბჭოს
კანონპროექტში უნდა შევიდეს მცირე ცვლილება, რომელიც მის იმპლემენტაციასა და ძალაში
შესვლის ვადებს უკავშირდება.
საყოველთაო-სახალხო
განხილვას ესწრებოდნენ საორგანიზაციო კომისიის წევრები: ჯემალ გამახარია, თამაზ ხუბუა,
აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, ვახტანგ ყოლბაია,
ნუგზარ მგალობლიშვილი, ვეფხვია გვარამია, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია,
მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე ნოდარ ჯალაღონია.
ღონისძიებას
ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, უმაღლესი საბჭოს აპარატისა
და კომიტეტების აპარატების თანამშრომლები, აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების,
დევნილი საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული წრეების წარმომადგენლები.
შეხვედრა
ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, დაესვა
კითხვები და დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია. გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები
აისახება საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ ოქმში, რომელიც შემდგომი განხილვებისთვის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს გადაეცემა.