მიმდინარე წლის 25 მარტს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარდა. სხდომას უძღვებოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა.

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023-2024 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გამოყენების ეფექტიანობისა და 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პალატის საფინანსო-ეკპნომიკური პარამეტრების შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ გასვიანი,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პიარის ხელმძღვანელი ნინო ჩარკვიანი.

სხდომის წამყვანმა მოკლედ ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელსაც აღნიშნული კანონპროექტები ითვალისწინებენ. კერძოდ, საკონსტიტუციო ცვლილება საგაზაფხულო და საშემოდგომო სასესიო პერიოდების გახსნის დღის დაზუსტებას უკავშირდება. ცვლილების თანახმად საგაზაფხულო სასესიო პერიოდი ორი კვირით გვიან, ხოლო საშემოდგომო - ერთი კვირით გვიან უნდა გაიხსნას და დაიხუროს. მეორე ცვლილება შეეხება სიპებისა და აიპების ხელმძღვანელი პირების დანიშვნას. არსებული წესით მათ ნიშნავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო ცვლილების თანახმად უშუალოდ შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელების მიერ დაინიშნებიან. კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნულ ცვლილებებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შესახებ ინფორმაციით წარსდგა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე. მან ისაუბრა აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მრავალმხრივ საქმიანობაზე, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისათვის გაწეულ სხვადასხვა სახის დახმარებაზე, მათთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პალატა მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ახერხებდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის დაზოგვას. ამ წლების განმავლობაში 450 ადამიანმა მიიღო გამოფენებში მონაწილეობა და მათი შემოსავალი საშუალოდ დღეში 200-დან 300 ლარამდე შეადგენდა. ორგანიზაციის ძალისხმევა მიმართულია დევნილი მეწარმეების განვითარებისკენ, როგორც მათი ბიზნესის, ისე ცოდნის შეძენის მხრივ. გოგიტა თედორაძემ ისაუბრა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრიორიტეტებზე, მისი საქმიანობის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან ურთიერთობის სარგებლიანობასა და სამომავლო გეგმებზე.

შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს თამაზ ხუბუამ, თეიმურაზ მჟავიამ, იგორ კოპალიანმა, ლაშა დოლბაძემ.

 თამაზ ხუბუამ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს. კომიტეტის თავმჯდომარემ  შემაჯამებელ სიტყვაში ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ინფორმაციაზე უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნაში გამოთქმულ მოსაზრებებზე, მასში გაკეთებულ შენიშვნებზე. „გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია სთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განიხილოს საკითხი სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სავაჭრო-სამრეწველო პალატის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად ჩასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების თაობაზე.“- განაცხადა თამაზ ხუბუამ.

სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის წევრები: თეიმურაზ მჟავია, ნუგზარ მგალობლიშვილი, ეთერ ასტემიროვა, რაისა უბილავა, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი მურმან ფარფალია, ამავე კომიტეტის აპარატის სპეციალისტები იზოლდა ხვიჩია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია, უმაღლესი საბჭოს პრეს-სპიკერი მარიამ ინალიშვილი, უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თენგიზ გასვიანი. 

გალერეა

სხვა სიახლეები