საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს ჩვენი ეკლესიის  რწმენის სიმტკიცესა და ეროვნულ იდენტობასთან  მჭიდრო კავშირს. ავტოკეფალიის აღდგენა არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ ისტორიული გამარჯვებაა, რომელიც ქართველმა ერმა დიდი მოთმინებითა და თავდადებით მოიპოვა.

დღეს ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებული სევდითაა დამძიმებული. სულ ახლახან დავკარგეთ ჩვენი სულიერი მამა,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომლის ღვაწლი განუზომელია ეკლესიის განმტკიცებაში. მისი სიბრძნე, სიმშვიდე და დაუღალავი მსახურება მრავალი წლის განმავლობაში გვაძლევდა ძალასა და იმედს. 

1917 წლის 12(25) მარტს აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. ღრმა სულიერი და რელიგიური შინაარსის მატარებელია ის ფაქტი, რომ განგების ძალით ეს მოვლენა დაემთხვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების მე-9 დღეს - იმ დღეს, როდესაც მართლმადიდებლური რწმენით გარდაცვლილის სული წარსდგება ღვთის წინაშე საბოლოო სამსჯავროზე. 

სწორედ ილია II-ის ძალისხმევა და თავდადება იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება და პატივისცემა. მან შეძლო ეკლესიის გაერთიანება, სულიერი ცხოვრების გაძლიერება და საერთაშორისო დონეზე მისი ღირსეული წარმოჩენა. 

დღეს, როდესაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას ვზეიმობთ, ერთდროულად ვგლოვობთ დიდ დანაკარგსაც. თუმცა გვჯერა, რომ მისი სულიერი მემკვიდრეობა, რწმენა და სიყვარულით სავსე სიტყვები მუდამ დარჩება ჩვენს გულებში და მომავალ თაობებსაც გზას გაუნათებს.

სხვა სიახლეები