5 ნოემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომებს უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას მოუსმინეს.

მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების დასაფინანსებლად რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვის ეფექტიანობასა და ამ მიმართულებით სამომავლოდ პრაქტიკულ საქმიანობაში გასათვალისწინებელ ინოვაციურ მიდგომებს და აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების სამინისტროსადმი მიმართვიანობის დინამიკას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, ამ მიმართულებით უწყების მიერ გატარებულ და პერსპექტივაში გათვალისწინებულ კონკრეტულ ღონისძიებებს. მინისტრისადმი დასმული შეკითხვა ასევე ეხებოდა დევნილთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო ბაზის შემდგომ დახვეწას და მოქმედ კანონმდებლობას.

პირველ საკითხთან დაკავშირებით მინისტრმა ისაუბრა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დაქვემდებარბაში არსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო ახორციელებს, როგორიცაა „დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა“, „დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერა“, „აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერა“, „დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრბთა მხარდაჭერა“ და სხვა.

დავით ფაცაციამ აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში 40-მდე დევნილთა განსახლების ობიექტზე შესრულდა 202 445 ლარის ღირებულების სამუშაოები. გამოცხადებულია ტენდერები და დაგეგმილია სამუშაოები დევნილთა განსახლების 42 ობიექტზე.

გარდა ინფრასტრუქტურული მიმართულებისა, სოციალური მიმართულებით - დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა 27 პროექტი, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დახმარება გაეწია 3200 აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ პირს.

მინისტრმა ისაუბრა ნოვაციებზე, რომელიც სამინისტრომ დანერგა დევნილთა ინტერესების დაცვისა და ბიუროკრატიული მექანიზმების შემცირების მიზნით, ასევე მომავალში ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში შესაძლო საპილოტე პროგრამაზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას უკავშირდება. დავით ფაცაციამ აღნიშნა, რომ მინისტრის მოადგილე გია ბულისკერია კომისიის წევრის სტატუსით უშუალოდ ჩართულია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ეტაპებში. აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციასთან დაკავშირებით მასთან მიმდინარეობს მოქალაქეთა ყოველდღიური მიღება. ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს პროგრამების დეპარტამენტის შემადგენლობაშია სამართლებრივი დახმარების სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებში დახმარებას.

მეორე საკითხზე საუბრისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისა და ქულების მინიჭება-გაუქმების წესის დახვეწის მიზნით, სამინისტროს აქტიური ჩართულობით „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის განსაკუთრებული პირობის დადგენასთან დაკავშირებით განხორციელდა ცვლილებები და გატარდა ღონისძიებები. მიუხედავად სამართლებრივ აქტებში შეტანილი ცვლილებებისა, ძირითად გამოწვევად კვლავაც რჩება იმ ძირი დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, რომლებიც საომარი მოქმედებების დაწყებამდე ცხოვრობდნენ აფხაზეთში. შესაბამისად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისა და ქულების მინიჭება-გაუქმების წესის დახვეწის სფეროში კვლავაც პრიორიტეტად რჩება პირველ რიგში დაკმაყოფილდნენ ის პირები, რომლებმაც უშუალოდ განიცადეს დევნა, არ უფიქსირდებათ საცხოვრებელი უძრავი ქონების გასხვისება და არ ფლობენ საცხოვრებელ უძრავ ქონებას. აღნიშნული მიმართულებით სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ასაქმიანობას.

 სხდომის მსვლელობისას დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ,  სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ჯგუბურიამ, ფრაქციის ”მრგვალი მაგიდა-დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, დეპუტატმა თეიმურაზ მჟავიამ.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილეები გიორგი ბულისკერია და იგორ კოპალიანი, მინისტრის მჩეველი რომან სულაბერიძე, ამავე სამინისტროს სსიპ-,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს’’ დირექტორი ავთანდილ ქარაია.

სხდომის მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს და მთლიანად უწყებას წარმოდგენილი ინფორმაციისთვის.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

გალერეა