მიმდინარე
წლის 3 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და
პლენარული სხდომები ჩატარდა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
უმაღლესი
საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს: აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლესი
საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ; აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ; ქ. ფოთში უმაღლესი საბჭოს დელეგაციის მივლინების შესახებ.
პლენარული
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ
ნასარიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია.
პირველ საკითხთან
დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი
მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა წარსდგა. მან აღნიშნა,
რომ უმაღლესი საბჭოს აპარატის, კომიტეტებისა და ფრაქციის ხელმძღვანელებთან ერთობლივად
ჩატარდა მოსამზადებელი მუშაობა, კომიტეტებს და ფრაქციებს უკვე წარედგინათ განხილვების
ჩატარების შესაბამისი გრაფიკებიც. განხილვის შემდეგ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.
2025 წლის
ბიუჯეტში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა ფინანსთა და ეკონომიკის
მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ, რომელმაც დეტალურად ისაუბრა წარმოდგენილი ცვლილებების
გადამუშავებულ ვარიანტზე და მოსალოდნელ შედეგებზე.
მინისტრის
თქმით, დამატებითი შემოსავლების მობილიზების ხარჯზე შესაძლებელი გახდა აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის ბიუჯეტის ოდენობის გაზრდა. ყველა მიმართულება, რომელიც ჩაითვალა განსაკუთრებით
პრიორიტეტულად მოცულია ხსენებულ ცვლილებებში. საუბარია 3 377 500 ლარზე, რითაც იზრდება
ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და დღეისთვის აღწევს 40 302 800 ლარს. ბიუჯეტის საერთო
ზრდა - 9%. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ თანხების უდიდესი ნაწილი მოხმარდება დევნილთა
კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას (დაახ.
1 500 000 ლარი), რაც ქვეყნის მასშტაბით ობიექტების 40% მოიცავს. თენგიზ ნასარიძემ
ასევე ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებზე, რომელთა
დაფინანსება, ცვლილებების თანახმად, თითქმის 50% იზრდება (დაახ. 400 ათასი ლარით);
გარდა ამისა, გარკვეული ფინანსური სახსრები ასევე აფხაზეთის პოლიკლინიკების რეაბილიტაციასა
და თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვას მოხმარდება (დაახ. 1 000 000 ლარი). მინისტრმა
აღნიშნა, რომ მოზიდული თანხები საკმარისი არ არის, თუმცა ავტონომიური ბიუჯეტის ზრდის
ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
კანონის
პროექტთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, რომელმაც დეტალურად ისაუბრა
კანონპროექტში წარმოდგენილ პარამეტრებზე. მიმოიხილა ხერვეზები და დადებითი ტენდენციები.
საკითხი
შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან გაიზიარა კოლეგების მიერ
გამოთქმული მოსაზრებები და დეპუტატებს კეჭისყრისკენ მოუწოდა. დეპუტატებმა ცვლილებები
ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
დღის წესრიგით
წარმოდგენილ მესამე საკითხზე მოკლე ინფორმაცია წარმოადგინა დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ.
მისი განცხადებით, ქ.ფოთში განლაგებული აფხაზეთის 21-ე სკოლის ბაზაზე აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული
მემკვიდრეობის კაბინეტის პრიორიტეტულ მიმართულებად აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის
აღდგენისა და მშვიდობის ხელშეწყობა იქნება.
დებატებში
მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი
მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, თავმჯდომარის მოადგილე,
სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის
თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ვახტანგ ყოლბაია, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან
დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, საერთაშორისო კავშირების,
განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, დეპუტატები
ზურაბ ჯგუბურია, თემურ მჟავია.
სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.