29 ოქტომბერს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომებს უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის თაობაზე.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თენგიზ ნასარიძის ინტერპელაციის წესით მოსმენის შესახებ.“

პირველ საკითხთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით წარსდგა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია. მან აღნიშნა, რომ რეგლამენტში ცვლილების მიღების აუცილებლობა განპიროებებულია იმ გარემოებით, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების ანგარიში შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან მონაცემებს, რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია წლიური ბიუჯეტის ფორმირებისას. შესაბამისად წლიური ბიუჯეტის წარდგენისას მიზანშეწონილად მიგვაჩნია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოზიციის გათვალისწინება. რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვის შესრულების ანგარიში უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის შემდეგ გადაეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შესაბამისი ანგარიშის წარდგენის თაობაზე.

საკითხის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს აღნიშნულ ცვლილებას.

პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს თენგიზ ნასარიძეს მოუსმინეს. მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს. შეკითხვები შეეხებოდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების დასაფინანსებლად რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვის ეფექტიანობასა და ამ მიმართულებით სამომავლოდ პრაქტიკულ საქმიანობაში გასათვალისწინებელ ინოვაციურ მიდგომებს, დევნილთათვის თვითმკმარი გარემოს შექმნას და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას.

პირველ საკითხთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს რიგ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ამ მიზნით 2025 წლის მაისში ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში პირველი ცვლილებების შესაბამისად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაემატა ორი პროგრამა.

კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის აღრიცხვის ციფრული ტრანსფორმაციისა და დაგეგმილი აქტივობების ეფექტიანობის მართვა და აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა, რომელიც წარმოდგენილი იყო სამი ქვეპროგრამით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მოდიფიცირდა სამინისტროს მიერ განხორციელებული ქვეპროგრამები.

მინისტრმა ისაუბრა პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების ახალ მიდგომაზე, რომელიც გულისხმობს ამ მიმართულებით ცენტრალური ხელისუფლების გამოცდილების გამოყენებას, ცენტრალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და გაძლიერებას. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა ახორციელებს პროგრამას „მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობა“, სადაც 2025 წლის 9 თვის ჭრილში გათვალისწინებული იყო 13 662 ლარი, საკასო შესრულებამ შეადგინა 100%. მან ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელსაც სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ ეტაპზე ახორციელებს. 9 თვის განმავლობაში, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ იქნა 5 გამოფენა, სადაც ჯამურად 221 მეწარმემ მიიღო მონაწილეობა.

თენგიზ ნასარიძემ ისაუბრა, პროგრამებზე, რომელსაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ ახორციელებს. აღნიშნა, რომ სამომავლოდ სამინისტრო გეგმავს გააძლიეროს კონტროლი მის დაქვემდებარებაში არსებული პროგრამების განხორციელებაზე, რაც გულისხმობს ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელებას. ასევე, განავითაროს ბენეფიციართა ციფრული რეესტრი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო გამჭვირვალე, შედეგზე ორიენტირებულ მენეჯმენტს და ხელს შეუწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას საბიუჯეტო პროცესების მართვაში.

მეორე საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო სრულიად იზიარებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მათთვის თვითმკმარი, შემოსავალზე ორიენტირებული გარემოს შექმნას. ამ მიზნით სამინისტრო გეგმავს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მეწარმეობის სხვადასხვა დარგის სტიმულირებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია, როგორც მცირე, მიკრო და საშუალო ბიზნესების, ისე სტარტაპების განვითარებისა და მხარდაჭერისკენ.

სხდომის მსვლელობისას დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ,  უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ,  უმაღლესი საბჭოს წევრებმა ზურაბ ჯგუბურიამ, თეიმურაზ მჟავიამ, ელგუჯა გვაზავამ.

სხდომის მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს და მთლიანად უწყებას წარმოდგენილი ინფორმაციისთვის.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, ამავე სამინისტროს პიარის ხელმძღვანელი ნინო ჩარკვიანი.

სხდომაზე საუბარი შეეხო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და დეპუტატების მომავალ ვიზიტს, ქალაქ ფოთში დისლოცირებული 21-ე საჯარო სკოლაში აკაკი ჩხენკელის სახელობის აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კაბინეტის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

გალერეა

სხვა სიახლეები