მიმდინარე წლის 14 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის პლენარული სხდომები ჩატარდა. სხდომებს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ლაშა ქარდავას ინტერპელაციის წესით მოსმენის შესახებ“. 

მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა ოკუპირებული გალის რაიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებისა და იქ მომუშავე პერსონალის დაფინანსების მიზნობრიობის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის პროგრამების ხელმისაწვდომობისა და სამომავლო პროექტების განხორციელების შესახებ.    

მინისტრის თქმით, 2021-2024 წლების განმავლობაში ოკუპირებული გალის რაიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ჩართულობით ადგილზე მომსახურება გაეწია 2021წ. – 30 000 - მდე პაციენტს; 2022წ. – 20 000 - მდე პაციენტს; 2023წ. – 25 000 - მდე პაციენტს; 2024წ. – 26 000 პაციენტს. 2021-2024 წლების მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ურგენტულად გადმოყვანილია - 329 პაციენტი. გალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ ამავე წლებში, 112-ის ჩართულობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გადმოყვანილია - 3285 პაციენტი, ოტობაიას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ - 613 პაციენტი; ნაბაკევის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ - 465 პაციენტი. მინისტრის განცხადებით, ამავე წლებში განახლდა სამედიცინო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. 9-ჯერ განხორციელდა მედიკამენტების, სახარჯი მასალების და სამედიცინო ინვენტარის მიწოდება. 2021-2024 წლების განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში გაგზავნილია 103 364.56 ლარის (271 დასახელების) ღირებულების მედიკამენტი და 669 897.98 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა, ქირურგიული ინსტრუმენტები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ავტომანქანები და სხვა. გასულ წლებთან (2012-2018) წლებთან შედარებით დამოკიდებულება, მიდგომები და შეხედულებები ადგილზე და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების მიღებასთან, პაციენტების გადმოყვანასთან დასხვა საკითხებთან დაკავშირებით საგრძნობლად გაუმჯობესებულია. მეტია პირდაპირი კომუნიკაცია, რაც ინფორმაციის მარტივად გაცვლის შესაძლებლობას იძლევა, აღნიშნა ლაშა ქარდავამ.

დებატებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, დეპუტატები ზურაბ ჯგუბურია, ელგუჯა გვაზავა და თეიმურაზ მჟავია.  

სხდომის დასასრულს, დეპუტატებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს ამომწურავი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასა ინტერპელაციის წესით მისი მოსმენა. ამასთან, ჯემალ გამახარიამ ხაზი გაუსვა უმაღლესი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას.

სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა ა(ა)იპ - აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს დირექტორი ნინო გულუა.   

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

გალერეა

სხვა სიახლეები