მიმდინარე წლის 16 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და რიგგარეშე სესიის სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ადა მარშანიას, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქ. ათენში, მივლინების შედეგების შესახებ ანგარიში.

ადა მარშანია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ათენის მერიის საბავშვო ბანაკში შეხვდა. ღონისძიება ტარდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ათენის მერიის მხარდაჭერით. მან აღნიშნა, რომ პროექტი ძალზე სასარგებლოა დევნილი ბავშვებისთვის. მათთვის სპეციალურად ტარდება საგანმანათლებლო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის ექსკურსიები ეწყობა. დევნილი მოზარდები ეცნობიან საბერძნეთის ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებს, ასევე ამ დიდი კულტურის მქონე ქვეყნის ისტორიასა და კულტურას.

შეხვედრა გაიმართა ათენის მერიის წარმომადგენლებთან, რომელსაც ქალბატონ ადა მარშანიასთან ერთად აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომავალში ასეთი ბანაკების რაოდენობა 10-მდე გაიზრდება, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ინიციატივაა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს უმაღლესი საბჭოს აპარატის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის, ნანა კვარაცხელიას, ანგარიში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში, ნანა კვარაცხელიასა და უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ხვიჩა ქარდავას მივლინების შესახებ.

12–13 სექტემბერს ნანა კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღო „გლობალური განათლების სამიტი – აზერბაიჯანი 2026“-ში. სამიტს ესწრებოდა 16 მონაწილე საქართველოდან. ღონისძიებაზე განიხილეს განათლების განვითარების პერსპექტივები და თანამედროვე განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები.

ნანა კვარაცხელიამ სამიტზე მოხსენება თემაზე „განათლება საზღვრების გარეშე“ წარადგინა. მან ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ხარისხიანი განათლების მიღების პერსპექტივებზე და ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების სფეროში არსებულ რთულ ვითარებაზე. მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

ორივე მომხსენებლის ანგარიშმა დეპუტატების დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ მომხსენებლებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს და წარმოდგენილი ანგარიშები დადებითად შეაფასეს.

საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჯგუბურიამ, ინფორმაცია მიაწოდა დეპუტატ ნუგზარ მგალობლიშვილის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შესახებ. ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.

მან ასევე ისაუბრა კომიტეტის სამომავლო საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ იგეგმება ქალაქ ფოთის აკაკი ჩხენკელის სახელობის აფხაზეთის დევნილთა სკოლისთვის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსგან აკაკი ჩხენკელის ჩარჩოში ჩასმული დიდი ფოტოპორტრეტის და საოფისე ინვენტარის საჩუქრად გადაცემა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს კომიტეტის დებულების პროექტი წარუდგინა, რომლითაც განისაზღვრება კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, უფლებამოსილებები და მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. მან ასევე ისაუბრა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ეთერი ასტემიროვას არჩევის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატებმა ცნობად მიიღეს.

დეპუტატმა მურმან კვარაცხელიამ გააკეთა კრიტიკული განცხადება უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ.

პლენარულ სხდომაზე განიხილეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ კოლეგებს ინფორმაცია წარუდგინა უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ ხუბუამ. დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს კანონპროექტის მიღებას.

სხდომაზე ასევე განიხილეს უმაღლესი საბჭოს მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

 

გალერეა

სხვა სიახლეები