19 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა. სხდომებს უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარი.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბესიკ კუსიდის ინტერპელაციის წესით მოსმენის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ და უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამასხურის უფროსის ნანა კვარაცხელიას პოლონეთის რესპუბლიკაში, ქ.ლუბლინში მივლინების შედეგების შესახებ.

პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბესიკ კუსიდის მოუსმინეს. მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების დასაფინანსებლად რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვის ეფექტიანობასა და ამ მიმართულებით სამომავლოდ პრაქტიკულ საქმიანობაში გასათვალისწინებელ ინოვაციურ მიდგომებს, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების კომპიუტერული გამოკვლევების დაფინანსების გაზრდას მომავალი 2026 წლის ბიუჯეტში და ამისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, განსაკუთრებით მძიმე და გადაუდებელი ოპერაციების ჩატარებისა და მის შემდგომ პერიოდში აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს, ამ მიმართულებით ჩასატარებელ ღონისძიებებს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი სამედიცინო დაწესებულებისათვის გადაცემული სასწრაფო დახმარების ავტომანქანების რემონტისა და ახალი სასწრაფო მანქანებით შესაძლებლობის ფარგლებში აღჭურვის საკითხებს, ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ ჩასატარებელ ღონისძიებებს.

პირველ საკითხთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებში დაგეგმილი წლიური შედეგები უმრავლეს შემთხვევებში გადაჭარბებით სულდება. ინდიკატორების შესრულების მიხედვით ზრდა შეინიშნება თითქმის ყველა ძირითად მიმართულებაში: ამბულატორიული დახმარება დაგეგმილი 4115 ნაცვლად 5590 ბენეფიციარს გაეწია, სტაციონარული დახმარება - 1200-ის ნაცვლად 1688 ბენეფიციარს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მედიკამენტებით მხარდაჭერა 1000-ის ნაცვლად 1200 ბენეფიციარს და ა.შ. მინისტრმა ასევე ისაუბრა სამინისტროს პრიორიტეტებზე მათ შორის, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე, რომელიც მოწყვლად ჯგუფებს უკავშირდება. კომპიუტერულ-დიაგნოსტიკურ  კვლევებთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ კვლევებზე წვდომის ზრდა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მომდევნო წლიდან იგეგმება თანადაფინანსების მოცულობის ზრდა. მედიკამენტების თანადაფინანსებასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებითაც 2026 წლიდან იგეგმება მიმდინარე წლის საპილოტე ქვეპროგრამის „განსაკუთრებულ შემთხვევათა და პათოლოგიათა მკურნალობა“ ცალკე პროგრამად გამოყოფა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან კონსულტაციები სპეცდაფინანსებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრის მიზანშეწონილი გზებისა და მეთოდების შესათანხმებლად. რაც შეეხება ავტოპარკის განახლებას, მიმდინარე ეტაპზე მოხერხდა 1 ერთეული მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო ავტომანქანის მოძიება, რომელიც უახლოეს პერიოდში გადმოეცემა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. უფრო მასშტაბური განახლების შესაძლებლობა შეიქმნება მომდევნო წელს.

სხდომის მსვლელობისას დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, უმარლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ,  სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ,  უმაღლესი საბჭოს  ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, ფრაქცია „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილ მანონი გეჯუა, ა(ა)იპ - აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს დირექტორი ნინო გულუა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა მინისტრს ამომწურავი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასა ინტერპელაციის წესით მისი მოსმენა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ენგურსმიღმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებთან დაკავშირებულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის მნიშვნელობაზე.

პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია.

საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა. მან აღნიშნა, რომ კომიტეტებმა და ფრაქციებმა განიხილეს 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შედეგები და კრებსითი დოკუმენტი დასკვნის სახით წარმოადგინა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სრულად იზიარებს 2025 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით აუდიტის სახელმწიფო სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება საბიუჯეტო გადასახდელების ათვისების პროცესში არათანაბარზომიერების დაძლევის, ორგანიზაციული პროგრამული კოდებით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაგეგმვა-რეალიზაციაში არსებული ხარვეზების, ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების მიერ შესყიდვების განხორციელებისადმი კონტროლის გაძლიერების მნიშვნელოვან საკითხებს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხედველობაში იღებს წარმოდგენილი ანგარიშის გარშემო უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში ჩატარებული განხილვების დროს გამოთქმულ შენიშვნებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის დროს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს და აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს წევრების და სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები დაეხმარება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მომავალი 2026 წლის ბიუჯეტის ფორმირებაში.

საკითხის განხილვის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით ცნობად მიიღეს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

პლენარულ სხდომაზე მოისმინეს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამასხურის უფროსის ნანა კვარაცხელიას ანგარიში პოლონეთის რესპუბლიკაში, ქ.ლუბლინში მივლინების შედეგების შესახებ.

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს “გლობალური განათლების სამიტი - პოლონეთი 2025“ ჩატარდა. ღონისძიება ქ. ლუბლინში, საერთაშორისო ორგანიზაცია - “განსაკუთრებული ზრუნვა განათლებაზე“ (AKS) ორგანიზებით და მარია კიური-სკლოდოვსკას სახელობის ლუბლინის უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.

სამიტზე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია: („დისტანციურ სწავლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება - მითი და რეალობა“).

მომხსენებელმა ისაუბრა სამიტის მიმდინარეობაზე, პანელური დისკუსიის დროს განხილულ საკითხებზე. მან აღნიშნა, რომ სამიტზე მოხსენებებით ასევე წარსდგნენ სტუდენტები საქართველოდან მარიამ ჯინჭარაძე და ანასტასია კობახიძე, რომლებიც ამავდროულად, ჩართული არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისტანციური სასწავლო რესურსის მომზადების პროცესში.

მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან, დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მოსაზრებები.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და დეპუტატებმა ქალბატონ ნანა კვარაცხელიას მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს მომავალ საქმიანობაში.

 

გალერეა

სხვა სიახლეები