30 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

პრეზიდიუმის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 3 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“ ინფორმაციის განხილვის გრაფიკის დამტკიცების თაობაზე.

საკითხთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით წარსდგა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა.

საკითხის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით ერთხმად მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ გრაფიკს.

საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების გახსნისა და დახურვის ვადებთან დაკავშირებით პრეზიდიუმის წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს რეგლამენტში ცვლილების შეტანის პროცედურის დაწყებას.

პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას მოუსმინეს.

მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისა და ქულების მინიჭება-გაუქმების წესის დახვეწაში მისდამი რწმუნებული სამინისტროს პოზიციებს, დევნილთა კომპაქტური დასახლებების საცხოვრებელი სახლების ავარიული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას,  გალისა და ზუგდიდის ადმინისტრაციულ საზღვარზე გალის რაიონში მცხოვრებთა მიმართ საქართველოს შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის  აღმოსაფხვრელად გადადგმულ ნაბიჯებს და სხვა საკითხებს.

სხდომის მსვლელობისას დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ,  სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ფრაქციის ”მრგვალი მაგიდა-დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, დეპუტატებმა თეიმურაზ მჟავიამ, ზურაბ ჯგუბურიამ.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილეები გიორგი ბულისკერია და იგორ კოპალიანი, ამავე სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი დავით ჭედია, პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თემურ წურწუმია.

პლენარულს სხდომაზე მოისმინეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ ხუბუას ინფორმაცია აფხაზეთში 1992-1993 წლების საომარი მოქმედებების ვეტერანების, ომის ინვალიდებისა და ომში დაღუპული მეომრების ოჯახების წევრების მიმართ სოციალური დახმარების მდგომარეობის შესახებ.

სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს დასკვნითი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს და მთლიანად უწყებას წარმოდგენილი ინფორმაციისთვის.

სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

გალერეა

სხვა სიახლეები