6 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს აკაკი ჩხენკელის სახელობის სხდომათა დარბაზში ფილმის “დაუვიწყარი
სიყვარული” - ჩვენება გაიმართა. ფილმის რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი სოხუმელი კომპოზიტორი
ნინო მირცხულავაა.
ფილმი ეძღვნება ომში უგზოუკვლოდ დაკარგულ
ადამიანებს და მათ ხსოვნას.
ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ერთი
სიყვარულის ისტორიას, რომელიც ბავშვობიდან, ერთი სასკოლო მერხიდან იწყება და რომელსაც
ომი ტრაგიკულად გახლეჩს. ვატო ომის დროს უგზოუკვლოდ იკარგება, ხოლო კატო, დაკარგული
სიყვარულის ერთგული, წლების განმავლობაში ვერ ახერხებს ცხოვრების თავიდან დაწყებას.
ომიდან 27 წლის შემდეგ კატო, უკვე
ცნობილი კინორეჟისორი, ინტერნეტის საშუალებით გაცნობილი კეთილგანწყობილი აფხაზის დახმარებით
სოხუმში ჩადის, სადაც იგი ვატოს ყოფილ ბინას ქირაობს და წარსულთან, მოგონებებსა და
დაკარგულ სიყვარულთან მოულოდნელი შეხვედრების წინაშე აღმოჩნდება.
ფილმი მაყურებელს სოხუმის ქუჩებში
ამოგზაურებს და ახსენებს იმ დროს, როდესაც ომამდე სხვადასხვა ეროვნების ადამიანები
მშვიდობიანად, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ცხოვრობდნენ.
ნამუშევარს ლეიტმოტივად გასდევს გახლეჩილი
ქართული და აფხაზური საზოგადოების შერიგებისა და ადამიანური კავშირების აღდგენის იდეა
— რწმენა იმისა, რომ საერთო ტკივილის მიუხედავად, ადამიანებს შორის თანაგრძნობა, მეხსიერება
და სიყვარული კვლავ შეიძლება გახდეს ურთიერთგაგების საფუძველი.
ფილმის ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვაბელი პირები და წევრები: ჯემალ გამახარია, თამაზ ხუბუა, ნუგზარ მგალობლიშვილი, თემურ მჟავია, ოლგა ნაგარნინა, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და აპარატის წევრები ესწრებოდნენ.