2 ივლისს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში,  საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია “გულანის” ორგანიზებით ქართველი პოეტის, მწერლის და საზოგადო მოღვაწის ნაირა მარშანიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

ღონისძიება მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა.  მასში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მსახიობებმა და მომღერლებმა, რომლებმაც მწერლის ლექსები  და მის შემოქმედებაზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს, რამაც საღამოს განსაკუთრებული ემოციები შესძინა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ნაირა მარშანიას შემოქმედების მნიშვნელობა და მისი ღირსეული ადგილი ქართულ კულტურაში.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ,  მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა,  აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ, მწერალთა კავშირის წევრმა ზაალ ბოტკოველმა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, ხანგრძლივი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოქვეყნებული ლიტერატურული და პუბლიცისტიკური ჟანრის  მრავალფეროვანი ნაწარმოებებისთვის, აქტიური ეროვნული  პოზიციისთვის მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე ნაირა მარშანია   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით დააჯილდოვა.

უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით, ასევე დაჯილდოვდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ლიკა ქობულაძე,  ხანგძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებულ ლიტერატურულ-თეატრალური არაერთი ღონისძიების ორგანიზებისთვის, აქტიური ეროვნული პოზიციისთვის.

ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები და წევრები თამაზ ხუბუა, ნუგზარ მგალობლიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, თემურ მჟავია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პირები ესწრებოდნენ.

 

გალერეა

სხვა სიახლეები