მიმდინარე წლის 1 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და რიგგარეშე სესიის სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.  

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით წარმოდგენილი რამდენიმე საკითხი: „რუდიკ ცატავას განცხადების შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“; „ჯემალ გამახარიას ქ. ბათუმში მივლინების შედეგების შესახებ“; „ადა მარშანიას ქ. ქუთაისში მივლინების შედეგების შესახებ“; „ვახტანგ ყოლბაიას ქ. ზუგდიდში მივლინების შედეგების შესახებ“;.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, მოადგილე ნოდარ ჯალაღონია.

პირველ საკითხთან დაკავშირებით ჯემალ გამახარიამ დეპუტატებს გააცნო ბ-ნ რუდიკ ცატავას განცხადება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ, თქვენთვის ცნობილი მიზეზების გამო. ჯემალ გამახარიამ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი რუდიკ ცატავას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ ცნობად მიღების თაობაზე. დეპუტატებმა - 14 მომხრე, 2 წინააღმდეგი, კენჭი უყარეს წარმოდგენილ საკითხს.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ აფხაზეთის მთავრობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი. საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსმა გიორგი სუთიძემ. მან კიდევ ერთხელ გააცნო დამსწრეთ კანონპროექტის მნიშვნელოვანი დეტალები და ვრცლად ისაუბრა იმ გარემოებებზე, თუ რამ გამოიწვია საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება. მისი განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილება ხელს შეუწყობს აფხაზეთის მთავრობის მუშაობის ეფექტიანობას. 

გამართულ დისკუსიაში მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, დეპუტატებმა თამაზ ხუბუამ, ადა მარშანიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ელგუჯა გვაზავამ, ზურაბ ჯგუბურიამ.

მოსაზრებების ურთიერთგაცვლის შემდეგ, დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებას.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ ინფორმაცია იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ წარადგინა. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ერთი მოადგილის შტატის დაშვებას გულისხმობს. მსგავსი კანონპროექტი ადრეც იყო შემუშავებული და განხილული, მაგრამ მიზეზთა გამო, მისი განხორციელება ვერ მოხერხდა. ამჟამად არ არსებობს მეორე მოადგილის არჩევის აუცილებლობა.

მოსაზრებების ურთიერთგაცვლის შემდეგ, დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებას.

პლენარულ სხდომაზე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ იმსჯელეს. აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ, დეპუტატებმა რეგლამენტის თანახმად ღია კენჭისყრით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით ხელმეორედ აირჩიეს ბატონი ვახტანგ ყოლბაია.  

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მას კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის და კოლეგების სახელით ხელმეორედ არჩევა მიულოცა. 

დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ქ. ბათუმში მივლინების შედეგების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მიმდინარე წლის 29 ივნისს უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა. სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 300-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ქ. ბათუმში არიან განსახლებული. ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი. დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განიხილეს დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის, საკანონმდებლო ბაზის დახვეწის, სოციალური მომსახურების ხარისხის ამაღლების, ბინების განაწილების ქულათა სისტემის, ასევე ჯანდაცვის სფეროში დევნილთათვის განკუთვნილი პროგრამების/ქვეპროგრამების განხორციელების საკითხები.  

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ასევე მოკლედ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინიციატივით გამართული ღონისძიების შესახებ. აჭარის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ აფხაზებთან შეხვედრის დროს გამორჩეული ბიოგრაფიის მქონე პიროვნებების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

ადა მარშანიამ ვრცლად ისაუბრა იმერეთის რეგიონში ვიზიტის შესახებ. ქ. ქუთაისში განსახლებულ თანამემამულეებთან შეხვედრების დროს მხარეები შეეხნენ იმ საყოფაცხოვრებო, სოციალურ და სხვა სფეროს პრობლემებს, რაც განსაკუთრებულად საყურადღებოა რეგიონში მცხოვრები დევნილების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ადა მარშანიას განცხადებით გაიმართა ნაყოფიერი შეხვედრები აფხაზეთის მთავრობის იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობასთან, რომლის დროსაც იმსჯელეს ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების ურთიერთთანამშრომლობის საკითხზე, რომელიც პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს აფხაზეთიდან დევნილთა წინაშე მდგარი სოციალური თუ სხვა პრობლემების დროულად და ეფექტურად მოგვარებისთვის.

ვახტანგ ყოლბაიამ ქ. ზუგდიდში მივლინების შედეგების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები ფაზისის აკადემიისა და ქ. ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, ამ უნივერსიტეტში ჩარიცხულ აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან, ასევე სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის და ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრებზე განიხილებოდა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების განვითარების პერსპექტივები და სხვა.

მოსაზრებების ურთიერთგაცვლის შემდეგ მოსმენილი ინფორმაციები ცნობად იქნა მიღებული.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

გალერეა

სხვა სიახლეები