27 მაისს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახელოვნებო რეზიდენცია „არტ-ვილა გარიყულაში”  კულტურულ-შემეცნებით ღონისძიების „აფხაზეთის ფერ(ებ)ით - თაობათა დიალოგი“ ფარგლეში, პროფესიონალი მხატვრებისა და აკადემიის სტუდენტების მონაწილეობით  ხატვისა და ფერწერის მასტერკლასები და ვორკშოპები გაიმართა. უფროსი კოლეგების ჩართულობითა და მხარდაჭერით, სოხუმის ალექსანდრე შარვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები შექმნეს. 

ასევე, გაიმართა თბილისის სამხატვრო აკადემიისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მათ შორის აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების შეხვედრა ცნობილ მწერალ და საზოგადო მოღვაწე გურამ ოდიშარიასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის კულტურულ მეხსიერებას, თანამედროვე გამოწვევებსა და ხელოვნების როლს საზოგადოებრივ პროცესებში. ღონისძიების ბოლოს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დისკუსიაში ჩართულიყვნენ და კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო საკითხებზე ემსჯელათ. 

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტერიტორიული  მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე   გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია,  თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველო“-ს მხარდაჭერით განხორციელდა.

გალერეა

სხვა სიახლეები