აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა და დაწვრილებით მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება.
„დანამდვილებით ვიცი, რომ რაულ ხაჯიმბას ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ, თუ გადადგომაზე განცხადებას არ დაწერდა“, – აღნიშნა ბატონმა ჯემალ გამახარიამ, „ბჟანია როცა მოსკოვში ჩავიდა შარშან აპრილში, იმისთვის რომ მხარდაჭერა, რუსეთის ნდობა მოეპოვებინა, მაშინ ის მოწამლეს. იმიტომ, რომ რუსეთს ჰყავდა გამოკვეთილი ფავორიტი. არძინბას შემდეგ, რომლზეც ფსონს სდებდა, ეს იყო ხაჯიმბა. ეს გრძელდებოდა ბოლო წამამდე, სანამ ხაჯიმბას, აგარაკზე არ მიადგა ადამიანთა ჯგუფი და პირდაპირ შეუთვალეს, რომ მას ფიზიკურად გაანადგურებდნენ, თუ ის განცხადებას არ დაწერდა. ეს იქ ხმამაღლა არ გაცხადებულა, მაგრამ მე დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ასე იყო. მას უთხრეს, იქ ვინც მიადგა ახრა ავიძბას მეთაურობით, რომ იქნებოდა ფიზიკურად გაანდგურებული, ხაჯიმბა ადგა და დაწერა განცხადება. რუსების, რომლებიც ჩავიდნენ, ამოცანა იყო, ხაჯიმბას გადარჩენა, რაც მათ ვერ შეძლეს. ხაჯიმბა წავიდა. ახლა ბჟანია აკეთებს განცხადებას, რომ რუსეთმა, ვითომ აიძულა ხაჯიმბა წასულიყო და დაასტაბილურა სიტუაცია. ეს არის ზღაპარი. ეს კოჭის გაგორებაა რუსეთისთვის. ბჟანიას ძალიან სჭირდება რუსეთის მხარდაჭერა და კეთილი განწყობა, რომელიც მას არ გააჩნია, მაგრამ რუსეთი იძულებულია, მას ანგარიში გაუწიოს, ისე როგორც თავის დროზე ბაღაფშს გაუწია ანგარიში, რომელიც ძალიან არ უნდოდა, მაგრამ მაინც გახდა დე ფაქტო პრეზიდენტი და მერე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. გაურკვეველში, მაგრამ, ბევრისთვის ძალიან გარკვეულ ვითარებაში.
პრესკონფერენციის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ: https://www.youtube.com/watch?v=pUuCJXIky9M