სოხუმის მამაც დამცველთა ხსოვნის პატივმიგება

 

27 წლის წინ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების, საკუთარი მიწა–წყლისა და ოჯახების დასაცავად სოხუმში მოწინააღმდეგის შტურმის დროს თავგანწირული მეომრების გვარსახელებს თბილისში გმირთა მოედანზე აღმართული მემორიალი უკვდავყოფს!

 

ტრადიციულად ყოველ 15–16 მარტს, გმირთა მემორიალს ყვავილების გვირგვინით ამკობენ დაღუპულთა თანამებრძოლები, ოჯახების წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი  სტრუქტურების წარმომადგენლები.

ეპიდემიას ხელი არ შეუშლია სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის პატივი მიეგოთ გმირების ხსოვნისთვის; ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები; დღეს დღის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და დეპუტატები, კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს მცირე ჯგუფებად გმირების პატივსაცემად  მემორიალს სტუმრობდნენ და  იხსენებდნენ 27 წლის წინანდელ ომის ეპიზოდებს, ცალკეული გმირების საბრძოლო ისტორიებს.

 

27 წლის წინ, 1993 წლის 15–16 მარტს სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერი რუსეთის გენერალიტეტის მიერ სოხუმზე  წინასწარ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი შტურმის წარმატებული მოგერიება  საქართველოს შეიარაღებული ძალების – ძირითადად  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23–ე  მექანიზებული ბრიგადის მეთაურების ორგანიზებულობამ, თითოეული ჯარისკაცის, ადგილობრივი მოსახლეობის, მოხალისეების მამაცობამ და თავდადებულმა ბრძოლისუნარიანობამ მოიტანა. თავის მხრივ საქართველოს არტილერიამ გადამწყვეტი სიტყვა თქვა მაშინ მტერზე გამარჯვების მოპოვებაში. სწორედ ამ ბრძოლამ დაუდო დასაბამი ქართული არტილერიის დღედ 16 მარტის დაწესებას.

მოწინააღმდეგე დაუნდობლად ანადგურებდა ქართული მხარის როგორც სამხედრო პოზიციებს, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ კვარტლებს; მიუხედავად სამხედრო მომზადების, შეიარაღების მაღალი დონისა და სისასტიკისა, მტერმა საწადელს ვერ მიაღწია – სოხუმი ვერ აიღო და თავად განიცადა უდიდესი მარცხი, როგორც ტექნიკის, ისე ცოცხალი ძალის. ეს ბრძოლა ქართული მხარის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.

 

მართალია, გაცილებით ნაკლები, მაგრამ სამწუხაროდ, მსხვერპლი იყო სოხუმის მამაც დამცველთა შორის!




Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions