აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი - ენა, ლიტერატურა, ისტორია, კულტურის ძეგლები იყო თემატიკა კონფერენციის, რომლის უშუალო ორგანიზატორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი, მისი ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლია ახალაძე და სსუ სამშვიდობო განათლების ცენტრი გახლდათ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ნანა მაჭავარიანმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მანანა ბუკიამ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტმა ვაჟა შენგელიამ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა კაჭკაჭიშვილმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ვლადიმერ კიკილიშვილმა, ყარაჩაი-ჩერქეზეთის სახლმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა სერგეი პაზოვმა, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორებმა მერაბ ნაჭყებიამ, ზურაბ პაპასკირმა და სხვა ცნობილმა ენათმეცნიერებმა და ისტორიკოსებმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, ეთნოლოგიის ინსტიტუტიდან, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტიდან, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სსუ სამშვიდობო განათლების ცენტრიდან, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციიდან.
კონფერენციაზე მიწვეული იყო და მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა ჯემალ გამახარიამ.
ყველა მონაწილემ თეიმურაზ გვანცელაძეს გულთბილად მიულოცა რა იუბილე, განსაკუთრებულად მაღალი შეფასება მისცა მის სამეცნიერო და საზოგადოებრივ ღვაწლს; პირველები იყვნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სსუ სამშვიდობო ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ხონელიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია.
ჯემალ გამახარიამ გაიხსენა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისი, როცა სოხუმში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დღეები ტარდებოდა და დასკვნითი ღონისძიება აფხაზური თეატრის შენობაში მიმდინარეობდა; სიტყვა მისცეს ახალგაზრდა აფხაზოლოგს თეიმურაზ გვანცელაძეს, რომლის გამოსვლამ აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე დიდი ოვაციები გამოიწვია. ჯემალ გამახარიას თქმით, იქიდან მოყოლებული განსაკუთრებულად აფასებდა მას, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ნიჭიერ ახალგაზრდა მკვლევარს, რომელმაც მთელი შემდგომი ცხოვრებითა და მოღვაწეობით დაიმკვიდრა შეუცვლელი ადგილი თვალსაჩინო ქართველ მეცნიერთა და სახელმწიფო მოღვაწეთა შორის. მისივე განცხადებით, „ფასდაუდებელია თეიმურაზ გვანცელაძის სამეცნიერო მოღვაწეობის თუნდაც მხოლოდ ერთი ასპექტი - მან მეცნიერებაში ახალი მიმართულება - ისტორიოგრაფიის ლინგვისტური საფუძვლები დანერგა, რომელიც აფხაზეთის მაგალითზე დაამუშავა; თეიმურაზ გვანცელაძის ლინგვისტური კვლევების გარეშე შეუძლებელია აფხაზეთის რეალური ისტორიის შეცნობა,“- აღნიშნა ჯემალ გამახარიამ, რომელმაც შემდგომ კონფერენციის ისტორიკოსთა სექციაზე მოხსენებაც გააკეთა ქართული კულტურის ძეგლების სავალალო მდგომარეობაზე აფხაზეთში. მან მეცნიერებს გააცნო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე. ცვლილებები ითვალისწინებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ქართული კვალის წასაშლელად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძეგლების მიზანმიმართულად დისკრიმინაციული დაზიანებისა და განადგურების გამო. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი ცვლილებების კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მხარდაჭერილიქნა. წინ არის II და III მოსმენა, მაგრამ დასკვნები დადებითია, კონცეპტუალურად კანონპროექტი მიღებულია და ჯემალ გამახარია დარწმუნებულია, რომ ცვლილებები კანონში სამივე მოსმენით დამტკიცდება.
თეიმურაზ გვანცელაძის იუბილესადმი მიძღვნილი პრესკონფერენციის მონაწილეები ენათმეცნიერთა-აფხაზოლოგიური კვლევებისა და ისტორიკოსთა სექციებში გადანაწილდნენ მუშაობა ექვს საათს გაგრძელდა. მოხსენებები თეიმურაზ გვანცელაძის ლინგვისტურ და ისტორიოგრაფიულ კვლევებს, ისტორიის, ლინგვისტიკის, აფხაზოლოგიის სწავლებას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და არაერთ სხვა აქტუალურ თემას შეეხებოდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ გვანცელაძისადმი მილოცვებს შორის იყო გულთბილი მილოცვა აფხაზურ ენაზეც, რომლის ავტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ აფხაზეთის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ლეილა ავიძბა იყო.